„ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ – პროფესიული გადამზადების პროგრამაზე სასწავლო პროცესი დაიწყო
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ სწავლა დაიწყო. პროგრამა უკვე მესამედ ხორციელდება და მისი მიზანია ტყის ტაქსაციის სპეციალისტების – მეტყევე-ტაქსატორების მომზადება.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციით, მიმდინარე, მესამე ნაკადში 17 მონაწილე სწავლობს. კურსის ფარგლებში ისინი შეისწავლიან ტყის ინვენტარიზაციის პროცესს, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის მეთოდებს, საველე პირობებში აზომვითი და შეფასებითი სამუშაოების ჩატარებას, ასევე, სატყეო ღონისძიებების დაგეგმვასა და ტყის მართვის გეგმების მომზადებაში მონაწილეობას.
“სასწავლო პროცესი აერთიანებს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს. თეორიული სწავლება გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში მიმდინარეობს, ხოლო პრაქტიკულ ნაწილს მონაწილეები ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყეებში – ზედაზნისა და ბაკურიანის ტყეებში გაივლიან.
პროგრამას გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ეროვნული სატყეო სააგენტოსთან თანამშრომლობით და პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით ახორციელებს.
„პროგრამა ხელს უწყობს სატყეო სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, რაც ტყის რესურსების მდგრადი მართვისა და ტყეების დაცვისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს. თეორიული და პრაქტიკული სწავლების შერწყმა მონაწილეებს რეალურ სამუშაო გარემოში საქმიანობისთვის საჭირო ცოდნითა და უნარებით უზრუნველყოფს“, – განაცხადა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამთა დევდარიანმა.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეები საბოლოო შეფასებას გაივლიან და სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს მიიღებენ. პროგრამა მათ ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემაში დასაქმების შესაძლებლობასაც სთავაზობს.
„ტყის ინვენტარიზაცია და ტაქსაცია“ 8-კვირიანი უფასო პროფესიული გადამზადების პროგრამაა, რომელიც სატყეო სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებას ისახავს მიზნად”, – აღნიშნულია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ინფორმაციაში.