ვახტანგ მაისაია: „თბილავიამშენსა“ და აზერბაიჯანულ მხარეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების საქმის კურსში იქნებოდა პრეზიდენტი, ბოკერია და მთავრობა

“თბილავიამშენსა“ და აზერბაიჯანულ მხარეს შორის 2010 წელს გაფორმებულ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც საქართველომ დაკარგა პრივილიგია, კავკასიის რეგიონში ყოფილიყო ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც საბჭოთა წარმოების “სუ -25“-ების კაპიტალური რემონტის შესაძლებლობა ჰქონდა და აზერბაიჯანს მიეცა შესაძლებლობა სხვადასხვა შემკვეთებისთვის გაეწია იგივე მომსახურება, “კვირასთან“ სამხედრო ექსპერტი და ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია აფასებს. როგორც სამხედრო ექსპერტმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, მსგავსი დონის შეთანხმებების გაფორმება სახელმწიფოს ნებართვის გარეშე არ ხდება. მაისაია ამბობს, რომ ძნელია გადაჭრით საუბარი იმაზე, თუ რის სანაცვლოდ, რის საფუძველზე წავიდა ქართული მხარე მსგავსი შეთანხმების გაფორმებაზე.
მაისაიას თქმით, ზოგადად მსოფლიოში ერთი ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნისთვის (სტრატეგიული მოკავშირისთვის) მსგავსი შესაძლებლობების მინიჭების პრაქტიკა არსებობს. თუმცა, სამხედრო ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ ქართული მხარის მიერ აზერბაიჯანულ მხარესთან შეთანხმების გაფორმება არა კეთილმეზობლური, არამედ კორუფციული ინტერესების საფუძველზე მოხდა. “ცხადია, “თბილავიამშენი“ დამოუკიდებლად ვერ გააფორმებდა ასეთი მნიშვნელობის შეთანხმებას, მსგავსი საკითხების გადაწყვეტა უშიშროების საბჭოს დონეზე ხდება. საინტერესოა, ამ საკითხზე თუ არ არსებობდა უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილება? ასევე ნებართვა სხვადასხვა ტექნოლოგიის გადაცემაზე? უშიშროების საბჭო არის პრეზიდენტთან არსებული ორგანო, შესაბამისად, საქმის კურსში იქნებოდა პრეზიდენტი, თავისთავად უშიშროების საბჭოს იმჟამინდელი მდივანი გიგა ბოკერია და ასევე – მთავრობა. ზოგადად, მსოფლიოში არსებობს პრაქტიკა, როცა ერთი ქვეყანა მის სტრატეგიულ მოკავშირეს აძლევს ნებართვას, იქაც მოხდეს თვითმფრინავების, ჯავშანმანქანების წარმოება. მაგალითად, რუსეთმა ჩინეთს მისცა ნებართვა, თუ არ ვცდები “სუ-30“-ების წარმოების თაობაზე, ასევე თურქეთისგან აზერბაიჯანმა ჯავშანმანქანების ადგილზე წარმოების ლიცენზია მიიღო. რაც შეეხება 2010 წელს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროსთან ქართული მხარის მიერ გაფორმებულ შეთანხმებას, “თბილავიამშენს“ ჰქონდა ექსკლუზიური უფლება “სუ-25“ -ების რემონტის თაობაზე. არ ვიცი, რამდენად უღირდა სახელმწიფოს ამ პრივილეგიის გარკვეულწილად დათმობა. ეს, ზოგადად, ხელისუფლების პრეროგატივაა. იმ პერიოდში საქართველოში ელიტური კორუფცია მძვინვარებდა. ეს ყველაფერი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ შეთანხმება, რომელიც მაშინ გაფორმდა აზერბაიჯანულ მხარესთან, ემსახურებოდა საქართველოს ხელისუფლების მაშინდელი მაღალჩინოსნების პირად ფინანსურ ინტერესებს. ყველას გვახსოვს ადეიშვილის, სხვა მაღალჩინოსნების თაღლითური სქემები, არ არის გამორიცხული, რომ 2010 წელს გაფორმებული შეთანხმებაც მაღალჩინოსნების მხრიდან პირად ფინანსურ სარგებელზე ყოფილიყო გათვლილი. შესაძლოა, მაშინ მოჩვენებით ითქვა, რომ ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და ყველა ნორმის დაცვით აფორმებდნენ შეთანხმებას, თუმცა სახელმწიფო ინტერესებით ვაჭრობა ყოფილი ხელისუფლებისთვის პრობელმა არ იქნებოდა“,-განუცხადა “კვირას“ ვახტანგ მაისაიამ.
შეგახსენებთ, რომ საინფორმაციო ანალიტიკური პორტალ „კვირამ“ ექსკლუზიური სტატია გამოაქვეყნა, სადაც საუბარია “თბილავიამშენსა“ და აზერბაიჯანულ მხარეს შორის 2010 წელს გაფორმებულ შეთანხმებაზე. ამავე სტატიაში აღნიშნულია, რომ 2010 წლის გაფორმებულ ხელშეკრულების თანახმად, აზერბაიჯანულ მხარეს შესაძლებლობა მიეცა, შემკვეთებისთვის გაეწია იგივე მომსახურება, რასაც კავკასიის რეგიონში უკონკურენტო “თბილავიამშენი“ წლების განმავლობაში ახორციელებდა. ამავე სტატიაში, ამ ხელშეკრულების შესახებ „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელი პარტიკო თორდია ვრცლად საუბრობს.

kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები