მიხეილ სააკაშვილი: რას იტყვის ისტორია, მოქალაქეობაზე უარი თქვაო
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც დღეს უკვე უკრაინის მოქალაქეა, გარკვეული პერიოდის წინ საქართველოს მოქალაქეობის დათმობა წარმოუდგენლად მიაჩნდა.
მიხეილ სააკაშვილი მიმდინარე წლის თებერვალში ტოქშოუ “არჩევანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებდა, რომ უკრაინის პირველი ვიცეპრემიერის თანამდებობაზე მუშაობა მისთვის დიდი პატივი იქნებოდა, თუმცა საქართველოს მოქალაქეობას ვერ დათმობდა და შეთავაზებაზე უარი სწორედ ამ ფაქტორის გამო თქვა.
„პირველი ინსტინქტი იყო, რომ დავთანხმებულიყავი, მაგრამ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა მომიწევდა. რას იტყოდა ისტორია?! ქართული სახელმწიფოს ისტორიის შემქმნელმა მოქალაქეობაზე უარი თქვაო. ამიტომ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი”, – განაცხადა სააკაშვილმა „არჩევანთან” საუბარში.
დღეს კი მიხეილ სააკაშვილისთვის “საქართველოს მოქალაქეობა ფორმალურად მატროსოვის 6 კვმ საკანში ჯდომას ნიშნავს“, – ამის შესახებ თავად ექსპრეზიდენტმა “იმედთან” ინტერვიუში, მის მიერ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ფაქტზე კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, თუ საქართველოს პრეზიდენტი მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას გადაწყვეტს, ეს გადამწყვეტი ფაქტორი არ იქნება, ვინაიდან ხალხი ამ გადაწყვეტილებას, ისევე, როგორც მის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს, გააუქმებინებს.
“ედუარდ შევარდნაძე არ ყოფილა საქართველოს მოქალაქე, როცა ჩამოვიდა და გახდა საქართველოს ლიდერი; ივანიშვილი არ ყოფილა საქართველოს მოქალაქე, როცა საარჩევნო კამპანიას ატარებდა და გახდა საქართველოს ლიდერი. ასე რომ, ეს მოქალაქეობა არავისთვის ყოფილა დამაბრკოლებელი და რაღა ჩემთვის გახდება?! მაგრამ მეორეა, რას ნიშნავს დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა?! დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა ფორმალურად ნიშნავს მატროსოვის 6 კვ.მ საკანში ჯდომას, სხვა ჩემს მეგობრებთან ერთად. აქედან გამომდინარე, ეს არის წმინდა ფორმალობა, თუმცა მინდოდა, რომ ეს თავიდან ამეცილებინა, მაგრამ დადგა გარემოებები – ფაქტია, რომ სისხლის სამართლის საქმეს არ აჩერებენ, ჭკუაზე ვერ მოვიდნენ, ისევ აპირებენ თავისი მოკლე ჭკუით ჩემს დაჭერას, საქართველოში ვერ ჩავდივარ, მოქალაქე ვარ თუ არა, ეს ამას არ ცვლის. ამიტომ, როგორც ამ საქმეებს გააუქმებინებს ქართველი ხალხი, ასევე მოქალაქეობის საკითხს. მე ამ ფორმალობებისგან ყოველთვის დისტანცირებული ვიქნები, მაგრამ ყოველთვის ვიქნები ახლოს, როცა ქართველი ხალხი მოისურვებს, თუ რამეში დავჭირდები”, – განაცხადა სააკაშვილმა.