„ვერაფრით ვათქმევინე, ვისთან მღალატობდა” – სამეგრელოში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

კიდევ ერთი ოჯახური ძლადობის მსხვერპლი ქალი და დაობლებული 11 წლის მოზარდი. ტრაგედია ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში დატრიალდა. 36 წლის გია სოსელიამ საკუთარ სახლში, ეჭვიანობის ნიადაგზე 34 წლის მეუღლეს დანით ყელის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალბატონი ადგილზე გარდაიცვალა, – ამის შესახებ სტატიას „კვირის პალიტრა“ აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია აღნიშნული, მეზობლების თქმით, ლამის მთელმა სოფელმა იცოდა, რომ ქმარი ცოლზე სისტემატურად ძალადობა, სცემდა და მოკვლით ემუქრებოდა. ამბობენ იმასაც, რომ ეს იცოდნენ სამართალდამცავებმაც, რომლებმაც ტრაგედიის თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ზომები არ მიიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობამდე 5 დღით ადრე, სამართალდამცავებმა გია სოსელია ცოლზე ძალადობის გამო დაჰკითხეს და გაფრთხილებაც მისცეს, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი…

მკვლელობა დილით მოხდა. მამამ შვილი სკოლაში გააცილა, შინ შებრუნებულმა ცოლი სასიკვდილოდ დაჭრა, შემდეგ კი მეზობელს გაუმხილა ცოლის მკვლელობა და სამართალდამაცავებსაც ჩაბარდა.

ამავე სტატიაში სოფელში მომხდარ ტრაგედიაზე გამგებლის წარმომადგენელი სოფელ კირცხში ფრიდონ ასათიანი საუბრობს.

„შემთხვევის ადგილზე ისეთი საშინელი სურათი ვნახე, ახლაც გონზე არ ვარ. რაღაც ენით აუწერელი უბედურება სჭირს ამ ოჯახს, სამწუხაროდ, გარდაცვლილის მამამაც მეუღლე მოკლა. როგორც გავიგე, ეს ქალბატონი რამდენიმე თვის წინ, სენაკის ფსიქო-ნევროლოგიურ დისპანსერში რეაბილიტაციას გადიოდა, პრობლემები ჰქონდა ქმარსაც და დამამშვიდებელ წამლებს იღებდა. მკვლელობის შემდეგ მეზობლისთვის უთქვამს, ბავშვს მიმიხედეთ, არავინ დამიჩაგროსო… გამოძიება დაწყებულია, მკვლელიც დაკავებულია და იმედი მაქვს, ყველაფერი დეტალურად გაირკვევა“, – აცხადებს ფრიდონ ასათიანი.

სოფელ კირცხში მომხდარ მკვლელობის შესახებ ოჯახის ახლობელი რევაზ სოსიელია საუბრობს.

“ტრაგედია ეჭვიანობის ნიადაგზე დატრიალდა, როგორც ვიცი, სამი თვის წინ ცოლ-ქმარი საკუთარი გადაწყვეტილებით კლინიკაში მივიდა, ქალის ფსიქიკური მდგომარეობა უფრო რთულად იყო და რამდენიმე დღე დატოვეს. გიას მედიკამენტური მკურნალობა დაუნიშნეს და იმ დღესვე გამოუშვეს. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი რეალური მიზეზი ეჭვიანობისთვის არ არსებობდა. გია რატომღაც ფიქრობდა, რომ მეუღლე რაღაცას უმალავდა. ორი დღის წინ ამბობდა, რომ დარწმუნდა მეუღლის ავადმყოფობაში, მერე რა გადაუტრიალდა გონებაში, ვერ ვხვდები. შემთხვევის წინა დღეს მეზობელს ყანის დათესვაში ეხმარებოდა, მშვენიერ ხასიათზე იყო. მე ვნახე გია, ვიდრე პოლიცია დააკავებდა, – ვკითხე, რატომ მოკალი, რა მოხდა-მეთქი? – მიპასუხა, ვერაფრით ვათქმევინე, ვისთან მღალატობდა, გავღიზიანდი და მოვკალიო“, – ამბობს რევაზ სოსელია გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები