რატომ არის “პანორამა თბილისის” განხორციელება აუცილებელი – ექსპერტის შეფასება
“პანორამა თბილისი“ უმნიშვნელოვანესი პროექტია და ის აუცილებლად უნდა განხორციელდეს, – ასეთია “პანორამა თბილისთან“ დაკავშირებით ეკონომიკის საკითხებში ექსპერტ ვაჟა ბერიძის შეფასება. “კვირასთან“ საუბრისას იგი აცხადებს, რომ ის აჟიოტაჟი, რაც პროექტის განხორციელების საკითხს ახლავს, თემის პოლიტიზების შედეგია.
ექსპერტის შეფასებით, ნახევარმილიარდიანი ინვესტიციის განხორციელება საქართველოს ეკონომიკას და დედაქალაქს ძალიან სჭირდება, შესაბამისად, განცხადებები, რომ პროექტი არ უნდა განხორციელდეს, არაგონივრულია.
“ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია, აურზაური, რაც პროექტის ირგვლივ არსებობს, თემის პოლიტიზების შედეგია და ძალიან ცუდია. ჩვენი ეკონომიკის მქონე ქვეყანამ, დედაქალაქმა, რომელსაც ასევე უამრავი პრობლემა აქვს, უარი არ უნდა თქვას ნახევარმილიარდიან ინვესტიციაზე, ანუ პროექტ “პანორამა თბილისის“ განხორციელებაზე. მე მხარს ვუჭერ „პანორამა თბილისის“ განხორციელების იდეას. დეტალებზე, დაირღვევა თუ არა არქიტექტურული სივრცე ამ პროექტის განხორციელებით, სპეციალისტებმა უნდა იმსჯელონ, საჭიროა საზოგადოების ფართო ჩართულობა, მაგრამ ის, რომ პროექტი არ შედგეს – მიმაჩნია მცდარად. მაგალითისთვის: თავის დროზე მთაწმინდაზე, რომ არ განხორციელებულიყო ინფრასტრუქტურული პროექტები, ახლა იქ ტერიტორია ისეთივე ხრიოკი იქნებოდა, როგორიც იყო მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში. ყველას ძალიან გვიყვარს თბილისი, ჩვენი არქიტექტურა არაჩვეულებრივია, მაგრამ მდებარეობის გამო საკმაოდ პირქუში ქალაქია – გარშემო აკრავს ხრიოკი, რაც უცხო თვალისთვის ერთობ მძიმე აღსაქმელია.
თუ სოლოლაკის მაღლობზე ჩაფიქრებული პროექტი განხორციელდება, ეს ძალიან კარგ ლანდშაფტს შექმნის, მეტიც, უფრო კოლორიტულად წარმოაჩენს დანარჩენ ღირსშესანიშნაობებსაც. იმ ადამიანების არ მესმის, ვინც გამოდის და ამბობს, ეს პროექტი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ან თბილისის ზღვაზე ააშენეთო უსაფუძვლოა მათი რჩევები. იმაზე აპელირება, რომ ამ პროექტს ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს, მართებულად არ მიმაჩნია. პროექტში არ მიდის ბიუჯეტის ფული, საპირისპიროდ კი ჩნდება შანსი, რომ ამ პროეექტის ამუშავებით ქვეყნის ბიუჯეტი გაიზარდოს“,-აცხადებს ვაჟა ბერიძე. ექსპერტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ “პანორამა თბილისის“ განხორციელების შემთხვევაში ტურისტების რიცხვი ერთი-ორად მოიმატებს და გაჩნდება სამუშაო ადგილები.
“ეს პროექტი მრავალმხრივ მასშტაბურია. გაჩნდება სამუშაო ადგილები, მეტი დაინტერესება წამოვა ტურისტების მხრიდან, მე ვფიქრობ, ამ პროექტის გონივრულად განხორციელების შემთხვევში მას კულტურულ -ისტორული თავლსაზრისით დაახლოებით ისეთივე დატვირთვა ექნება, როგორიც დღეს მთაწმინდას აქვს “,- აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.
თანაინვესტირების ფონდი სოლოლაკის ფერდობზე პროექტ „პანორამა თბილისის“ განხორციელებას გეგმავს. პროექტის წინასწარი ჯამური ბიუჯეტი ნახევარ მილიარდ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. პროექტი „პანორამა თბილისი“ უპრეცედენტოა იმით, რომ ის ქმნის 4 მრავალფუნქციური კომპლექსის (1. სოლოლაკის მაღლობი, 2. სოლოლაკის ბაღები, 3. თავისუფლების მოედანი და ერეკლე II-ს მოედანი) ერთობლიობას და აკავშირებს მათ საბაგირო გზებით და დახრილი ლიფტებით, რაც დღის ყველაზე დატვირთულ პერიოდშიც უზრუნველყოფს კომპლექსებს შორის ავტოტრანსპორტის გარეშე, სწრაფად და მოხერხებულად, გარეთ გაუსვლელად გადაადგილებას. როგორც თანაინვესტირების ფონდში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში 30 ათასი ხე დაირგვება.