“საქართველოს მოქალაქეების შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შემოსულა”

ნეპალში, სტიქიის ზონაში კვლავ რჩებიან საქართველოს მოქალაქეებიც. საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ ნეპალში სამოგზაუროდ ტურისტული ჯგუფები იმყოფებიან. საელჩოს ინფორმაციით, ქართველების ნაწილი ამ დრომდე ჩიტვანის სამეფო პარკში რჩება.
მათ დახმარებას ქართული ტუროპერატორების პარტნიორი კომპანიები უწევენ. დაშავებული ქართველების შესახებ ინფორმაცია არ აქვს საქართველოს საელჩოს ინდოეთსა და ნეპალში. ცხელ ხაზზე, რომელიც მესამე დღეა მოქმედებს, ქართველი ტურისტების შესახებ ინფორმაცია არ შესულა. “საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა საელჩოში, ცხელი ხაზი გახსნილია, მეგობარი ქვეყნების საელჩოებთანაც გადავამოწმეთ, მათ ხომ არ მიმართეს დაზარალებულებმა, თუმცა ამგვარი ინფორმაცია არ არის. ვიცით რომ საქართველოდან 20-ზე მეტი ადამიანია წამოსული.
მდგომარეობა მძიმეა, კომუნიკაციები დარღვეულია, სამწუხაროდ მსხვერპლის რაოდენობა იზრდება. კატმანდუს აეროპოტი დაკეტილია, ხორციელდება მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული საჰაერო ხომალდების რეისები ინდოეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ“, – განაცხადა საქართველოს ელჩმა ინდოეთსა და ნეპალში ლევან ნიჟარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები