რუსული მედია ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტს კრიტიკულად აფასებს
რუსულ მედიაში ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტი აქტიურად განიხილება. განსაკუთრებული აქცენტი ლუკაშენკოს ფრაზაზე კეთდება, რომელმაც სოხუმზე, როგორც საქართველოს ქალაქზე ისაუბრა და ამით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მოგვიანებით ლუკაშენკომ პრესკონფერენციაზე ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა და აღნიშნა, რომ ბელორუსია ამ საკითხში საქართველოს მხარეს დგას და „სხვაგვარად რომ ყოფილიყო, ის თბილისში არ ჩამოვიდოდა“.
რუსულ პრესაში ლუკაშენკოს ვიზიტის მთავარ მიზნებზე საუბრობენ. რუსი ჟურნალისტების აზრით, ლუკაშენკოს სჭირდება საქართველო და არა პირიქით, საქმე ისაა, რომ რუსეთთან ურთიერთობებში ბელორუსიის ლიდერი საქართველოსთვის შუამავალი ვერ იქნება, რადგანაც აფხაზეთზე და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე თბილისის და მოსკოვის პოზიციები დიამეტრულად განსხვავებულია. ლუკაშენკო კი ამ ვიზიტით და თავისი განცხადებებით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის შესახებ ცდილობს დასავლეთის პოლიტიკური დივიდენდები და ფინანსური სარგებელი მიიღოს კრედიტების სახით.
„ლუკაშენკო ევროპაში შეღწევას საქართველოს გავლით ცდილობს“, – წერს გაზეთი „ვზგლიადი“. რუსეთთან ერთ ოჯახში ცხოვრების შესახებ განცხადებების მიუხედავად, ის აშკარად მიუთითებს, რომ ევრაზიული კავშირის გარდა, მინსკს საკუთარი პოლიტიკაც გააჩნია.
ლუკაშენკოს ასეთ, კრემლის თავალთახედვით, გამომწვევ პოზიციას რუსული მედია რამდენიმე მიზეზით ხსნის. ეს ბელორუსიაში მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებია. მეორე ის არის, რომ რუსეთი ფაქტობრივად გადაბმულია ბელორუსიასთან. მოსკოვს არანაირად არ აწყობს მინსკთან ურთიერთობების გაუარესება, რადგანაც, ამ შემთხვევაში, ის კალინინგრადის ოლქის მიმართულებით ბოლო გზას გადაკეტავს და ფაქტობრივად XVI საუკუნის ფარგლებს დაუბრუნდება.
„ლუკაშენკო ვა-ბანკს თამაშობს. მან ძალიან კარგად იცის, რომ რუსეთი ბევრ საკითხში მასზეა დამოკიდებული. ამიტომ რუს ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ მოსკოვმა უნდა შეიმუშაოს გრძელვადიანი სტრატეგია თავისი მოკავშირეების მიერ ასეთ მანიპულირებაზე ადეკვატური პასუხის გასაცემად“, – წერს რუსული მედია.