მიშელ ობამამ ქართველი ეპისკოპოსი დააჯილდოვა
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2014 წლის “ქალთა საერთაშორისო სიმამაცის ჯილდო” საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს რუსუდან გოცირიძეს მიენიჭა – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი აშშ-ის პირველმა ლედიმ მიშელ ობამამ დააჯილდოვა.
“ეპისკოპოს გოცირიძის დაჯილდოება არის საქართველოს ყველა მოქალაქისთვის სასარგებლოდ შემწყნარებლობის, შესაძლებლობებისა და თანასწორობის უზრუნველსაყოფად გაწეული საქმიანობის აღიარება”, – აღნიშნულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. “ქალთა საერთაშორისო სიმამაცის ჯილდო” ყოველწლიურად გადაეცემათ ქალებს, რომლებმაც გამოავლინეს განსაკუთრებული სიმამაცე, სიმტკიცე და ლიდერის თვისებები ადამიანის უფლებების, სოციალური სამართლიანობისა და ქალთა თანასწორობისა და წინსვლის ადვოკატირების საქმეში.