ჯონ კერი: რუსეთისთვის სანქციები რამდენიმე დღეში დაწესდება

  ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, რამდენიმე დღეში რუსეთისთვის სანქციები დაწესდება, – ამის შესახებ ჯონ კერიმ კიევში განაცხადა. კერის თქმით, ამერიკა მზად არის, უკრაინის ცენტრალურ ბანკს და ფინანსთა სამინისტროს ეკონომიკური გამოწვევების გასამკლავებლად და ქვეყანაში კორუფციის დასამარცხებლად დაეხმაროს. როგორც სახელმწიფო მდივანმა განმარტა, ამერიკა უკრაინას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში საკუთარი პოზიციების დაცვაში დაეხმარება, რაც რუსეთთან დავას უკავშირდება. სახელმწიფო მდივანი უკრაინას ასევე დაჰპირდა მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტის გამოყოფასა და უკრაინული კომპანიების დახმარებას, რაც, მისი თქმით, მათ ახალი ბაზრების პოვნაში ხელს შეუწყობს. ამერიკის სახელმწიფო მდივანი უკრაინას დაჰპირდა, რომ ამერიკა 25 მაისის არჩევნებისთვის სპეციალურ ჯგუფს გაგზავნის, რომელიც ხელისუფლებას საარჩევნო პროცესების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებაში დაეხმარება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს განაცხადა, რომ ვინც რუსეთის წინააღმდეგ რაიმე სახის ეკონომიკურ სანქციებს დააწესებს, უნდა დაფიქრდეს, ეს თავად მასზე როგორ აისახება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები