ბორჯომში დაჭრილი პოლიციელი გარდაიცვალა
ბორჯომში, 23 იანვარს დაჭრილი ორი პოლიციელიდან ერთ-ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი გიორგი ბერუაშვილი დღეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც “კვირას“ რესპუბლიკური საავადმყოფოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, დაჭრილი პოლიციელი დღეს, რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ ლიკანში, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ბორჯომის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლები გიორგი ბერუაშვილი და გიორგი მახარაშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ფეხით პატრულირებას ახორციელებდნენ, რა დროსაც წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა, ბორჯომში მცხოვრებმა, 1977 წელს დაბადებულმა შალვა აბულაძემ, დანახვისთანავე, მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სროლის შედეგად ორივე სამართალდამცველი დაიჭრა. პოლიციელებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ბორჯომის რაიონულ საავადმყოფოში ჩაუტარდათ, შემდეგ კი თბილისში გადაიყვანეს. ლიკანში მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელები საავადმყოფოში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა 27 იანვარს მოინახულა.