“პოზიტიური დასაწყისიდან მწვერვალამდე ერთი ნაბიჯია”
ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმების მსურველთათვის და სტუდენტებისთვის სასტუმრო “კრონ პალას თბილისში” მაია მახათაძის საჯარო ლექცია გაიმართა თემაზე: “სასტუმრო ბიზნესის თავისებურებები, სპეციფიკა და პრაქტიკული რჩევები”. როგორც მომხსენებელმა და სასტუმროს გენერალურმა მენეჯერმა, მაია მახათაძემ “კვირას” განუცხადა, აღნიშნული მასტერკლასის მიზანი ტურიზმის ინდუსტრიაში დასაქმების მსურველთათვის საერთაშორისო ბრენდებში მუშაობის 11-წლიანი გამოცდილების გაზიარებაა, რაც გულისხმობს: სასტუმროს საერთაშორისო სტანდარტების გაცნობას, სასტუმრო ინდუსტრიაში მუშაობის თავისებურებებსა და წარმატების მიღწევის საიდუმლოებებს. “ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ეს მაჩვენებელია იმისა, არის თუ არა ასეთი შეხვედრები საინტერესო და საჭირო საზოგადებისთვის. ჩვენ ერთად მივიღეთ და დავინახეთ ამ შეხვედრის შედეგი. თავისთავად ეს ბადებს იმის სურვილს, რომ მომავალშიც გაგრძელდეს მსგავსი საჯარო ლექციები სწორედ ჩვენი ქვეყნის ახალი თაობისთვის. მე უდიდესი სურვილი მაქვს მათი სწორად განვითარების. და თუ კი მე რაიმეს გაკეთება შემიძლია მათთვის, ამას გავაკეთებ”, – აღნიშნა “კვირასთან” საუბრისას მაია მახათაძემ.
შეხვედრაზე მიწვეულები იყვნენ სტუდენტები და დაინტერესებული პირები სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებიდან. სტუდენტებმა შეხვედრის ბოლოს კითხვები დაუსვეს მომხსენებელს და სურვილი გამოთქვეს მსგავსი მასტერკლასები ხშირად ჩატარდეს.
“ეს შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო, რადგან მივიღე ინფორმაცია სასტუმროების შესახებ და რაც მთავარია, გავიგე მეტი სასტუმროების “შიდა სამზარეულოს” შესახებ. მთავარი მესიჯი, რაც ამ მასტერკლასიდან მივიღე იყო ის, რომ შეუძლებელი არაფერია და თუ მოინდომებ ყველაფერს მიაღწევ”,- აღნიშნა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის მიმართულების სტუდენტმა გივი კლდიაშვილმა.
შეხვედრა სასტუმრო “კრონ პალას თბილისმა” სრულად დააფინანსა.
შეხვედრის ბოლოს მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცათ.