გალერეა “ახუნდოვის სახლი” მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის გამოფენას – “ფერთა წვიმას” მასპინძლობს
მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის ხატვისა და ხალიჩის ქსოვის კურსის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას აზერბაიჯანის კულტურის ცენტრმა “ახუნდოვის სახლმა” უმასპინძლა. გამოფენაზე აზერბაიჯანელი ბავშვების 40-მდე ნახატი და 10-მდე ხალიჩაა წარმოდგენილი.
როგორც გალერეა “ახუნდოვის სახლის” დირექტორმა არჩილ ბეჟანიშვილმა “კვირას” განუცხადა, გამოფენის მიზანი თბილისელებისთვის მარნეულში მცხოვრები ბავშვების ნიჭისა და შესაძლებლობების გაცნობაა.
„ჩვენი გალერეა მასპინძლობს მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის ხატვისა და ხალიჩის ქსოვის კურსის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენას. დაახლოებით 40 ფერწერული ტილო და 10 ხალიჩაა წარმოდგენილი. ეს არის 14, 15, 16 წლის ბავშვების შექმნილი პროდუქცია. ახალგაზრდული ცენტრი უკვე ორ წელიწადზე მეტია ფუნქციონირებს და ადგილობრივ ახალგაზრდობას საკმაოდ აქტიურად იზიდავს. ახლა გადაწყვიტეს, რომ თავისი უნარი და ნიჭი თბილისელებს წარუდგინონ. ამიტომ ჩვენ მოგვმართეს. რა თქმა უნდა, გვერდით დავუდექით, გავმართეთ გამოფენა, რომელიც 4-5 დღეს გაგრძელდება”, – აღნიშნა არჩილ ბეჟანიშვილმა.
მისივე თქმით, მარტის დასაწყისში გალერეა “ახუნდოვის სახლი” თანამედროვე გამოყენებითი ხელოვნების გამოფენას უმასპინძლებს.
„მარტის დასაწყისში დავგეგმეთ თანამედროვე გამოყენებითი ხელოვნების გამოფენა, სადაც ქალბატონების სფეროები იქნება წარმოდგენილი, მაგალითად, საიუველირო ხელოვნება, მინანქარი და სხვა“, – აღნიშნა არჩილ ბეჟანიშვილმა.
გამოფენის ერთ-ერთი მონაწილე, მხატვარი გიუმენ ზეინალოვა „კვირას“ საკუთარი შემოქმედების შესახებ ესაუბრა.
„12 წლიდან ვხატავ, სერიოზულად კი ბოლო 2 წლის განმავლობაში გამიტაცა. ნახატებს იმ დროს ვუთმობ, რამდენსაც თითოეული მოითხოვს. თუ დიდი თემა არ არის, 2-3 დღე მჭირდება. დღეს წარმოდგენილია ჩემი 10 ნახატი. 2 წელი დამჭირდა, რომ ეს ყველაფერი დამეხატა. რაც შეეხება შთაგონებას, მაშინაც კი მოდის, როცა მძინავს. ყველაზე მეტად პეიზაჟების ხატვა და სიურეალისტურ ნამუშევრებზე მუშაობა მომწონს. მიყვარს ყვავილები, ამიტომ ფერებს ხშირად ვუხამებ ერთმანეთს. პროფესიული განათლება არ მიმიღია, თვითნასწავლი ვარ. რაც შეეხება ახალგაზრდულ ცენტრს, ამ გამოფენის ორგანიზატორია“, – აღნიშნა ზეინალოვამ.
მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის გამოფენა “ფერთა წვიმა” კომპანია “სოკარის” დაფინანსებით გაიმართა.