თბილისის რვა საბავშვო ბაგა-ბაღში რვა ახალი ჯგუფი გაიხსნა
თბილისის სხვადასხვა უბნის რვა საბავშვო ბაგა-ბაღში რვა ახალი ჯგუფი გაიხსნა. დედაქალაქის მერიის ცნობით, ერთ-ერთი ჯგუფი დიდი დიღმის 198-ე საბავშვო ბაღში თბილისის მერის მოადგილემ, ალუდა გოგლიჩიძემ და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, თემურ თორდინავამ მოინახულეს. მათივე ინფორმაციით, რვა ახალ ჯგუფში სააღმზრდელო პროცესი 265-მდე ბავშვმა დაიწყო. დამატებითი ჯგუფები დიდი დიღმის 198-ე, მუხიანის 173-ე, 153-ე, 184-ე, ვარკეთილის 160-ე, თემქის 60-ე, ვაკის 137-ე და დიდუბის ,,სმენადაქვეითებულთა”, საბავშვო ბაგა-ბაღებში გაიხსნა. ახალი ჯგუფები სრულად აღიჭურვა საჭირო ინვენტარით, ინდივიდუალური სველი წერტილებით და გასახდელებით, მოეწყო სამზარეულოები.
თბილისის მერის მოადგილის, ალუდა გოგლიჩიძის განცხადებით, საბავშვო ბაღების ხელმისაწვდომობა დედაქალაქის ხელმძღვანელობის მთავარი პრიორიტეტია.
“თბილისის ბაგა-ბაღების მასშტაბით, 8 ახალ ჯგუფს ვხსნით, არსებული ფართების ოპტიმიზაციის ხარჯზე. ამით არაერთ ოჯახს მიეცემა საშუალება, ატაროს ბავშვი საბავშვო ბაღში. ბაღების ხელმისაწვდომობა ჩვენი პრიორიტეტია და ჩვენ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობას”, – განაცხადა ალუდა გოგლიჩიძემ.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, სააგენტომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში ერთ-ერთ მიმართულებად აიღო წლების განმავლობაში გამოუყენებელი და დახურული ფართების გარემონტება, რის ხარჯზეც ახალი ჯგუფების გახსნა მოხერხდა.
“50-მდე საბავშვო ბაღში გავარემონტეთ აუთვისებელი ოთახები და აღვჭურვეთ. დღეს რვა ახალი ჯგუფი იხსნება თბილისის სხვადასხვა საბავშვო ბაღში. 265-ზე მეტი ბავშვი შეძლებს სააღმზრდელო დაწესებულებაში მოხვედრას”, – განაცხადა თემურ თორდინავამ.
როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ ბაგა-ბაღებში ბავშვების რეგისტრაციისა და ჯგუფების გადატვირთულობის თვალსაზრისით მწვავე პრობლემები არსებობდა. დამატებითი ჯგუფების გახსნით პრობლემა თითქმის მოიხსნა.
მათივე ინფორმაციით, ახალ ჯგუფებში დასაქმდება 45 ადამიანი – აღმზრდელი და აღმზრდელის თანაშემწე. დამატებითი ჯგუფების მოწყობა სხვა რაიონებშიც მიმდინარეობს. მათი ნაწილი თებერვლის ბოლოს გაიხსნება.