არიელ შარონის ხსოვნისადმი მიძღვნილი ქართულ-ებრაული საღამო

26 თებერვალს, არიელ შარონის დაბადების დღეს, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი ქართულ-ებრაული საღამო გაიმართება. ღონისძიება 17 საათზე ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით ტარდება. ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში წარმოდგენილი იქნება 1999 წელს არიელ შარონის საქართველოში ვიზიტის ამსახველი ფოტოები; ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული პრესა, რომელმაც დღემდე შემოგვინახა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მასალები, შეფასებები, შარონის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იქნება ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ქართულ-ებრაული ურთიერთობების ამსახველი ლიტერატურა, იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცული უნიკალური ებრაული წიგნები და ხელნაწერები. ღონისძიების პარალელურად ეროვნული ბიბლიოთეკის კინოდარბაზში მერაბ კოკოჩაშვილის დოკუმენტური ფილმის – „დაგვიანებული კადიშის“ ჩვენება გაიმართება, რომელიც არიელ შარონის საქართველოში ვიზიტსა და ქართველების ისრაელში სტუმრობას ასახავს. კინოჩვენების დასრულების შემდეგ კინორეჟისორი მერაბ კოკოჩაშვილი ფილმის შესახებ ისაუბრებს. ღონისძიების მხარდამჭერები არიან: ისრაელის საელჩო საქართველოში და ”საქართველო-ისრაელის მეგობრობის საზოგადოება.”

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები