სხვადასხვა ეკოლოგიური პრობლემისა და ახალი პროექტების შექმნაზე მსჯელობა გაიმართა
კონფლიქტების და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის, მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტი-საქართველოს, საქართველოს მწვანეთა მოძრაობისა და ლიდერთა სკოლის ორგანიზებით, კონფერენცია “მესამე ინდუსტრიული რევოლუცია და ახალი ენერგო რეჟიმი“ გაიმართა. კონფერენციაზე ასევე მოეწყო ,,კოალიცია სტრატეგიული ცენტრის პრეზენტაცია”, სადაც სხვადასხვა ეკოლოგიური პრობლემისა და ახალი პროექტების შექმნაზე ისაუბრეს. როგორც კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია კაციტაძემ განაცხადა, ალტერნატიული მწვანე პროექტების წყალობით, ეკოლოგიური კატასტროფების გარეშე სტაბილური ეკონომიკური განვითარებაა შესაძლებელი. ,,XXI საუკუნეს თავისი მოთხოვნები აქვს და ცივილიზებული სამყარო ცდილობს, ამ მოთხოვნებს უპასუხოს: როგორი იქნება მსოფლიო 20 წლის შემდეგ და რა ეკონომიკური გამოწვევების წინაშე ვდგავართ? – ამ კითხვებზე პასუხი ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის აუცილებელი წინაპირობაა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ დღეს ჩვენ გასული საუკუნეების ტექნოლოგიებით ვხელმძღვანელობთ და ჩვენი ეკოლოგიური მდგომარეობაც დღითიდღე კატასტროფულ ნიშნულს უახლოვდება, და უფრო მეტიც, რიგ შემთხვევაში, მიგვაჩნია, რომ ამ ტექნოლოგიებს ალტერნატივა არ აქვს. სინამდვილეში სწორედ ალტერნატიული მწვანე პროექტების წყალობითაა შესაძლებელი ეკოლოგიური კატასტროფების გარეშე სტაბილური ეკონომიკური განვითარება, რაც ევროპის ქვეყნების მიერ უკვე გაზიარებული და დამტკიცებულია. კარგია, რომ დღეს საქართველოშიც დავიწყეთ საუბარი მსგავს პროექტებზე, თუმცა ვთანხმდებით იმაზეც, რომ მხოლოდ საექსპერტო საუბრები ეკოლოგიურ ფონს ვერ გამოასწორებს და ნებისმიერი მოქალაქის გასაგებ და მისაღებ ენაზე ინფორმირება მთავარ ამოცანად რჩება. ამ მიმართულებით საინტერესო ღონისძიებების განხორციელებას ვგეგმავთ და ვიმედოვნებთ, რომ ახალი აზროვნება პოზიტიურ რევოლუციურ ცვლილებებს მოგვიტანს”, – განაცხადა კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევითი ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია კაციტაძემ. კონფერენციას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი და ექსპერტი დაესწრო.