„ყველა თვისება, რომელიც სხვა პროფესიებისგან შევიძინე, ტრადიციული კულტურის განვითარებისთვის ვიყენებ…“

     „გურიაში, ლანჩხუთში ვცხოვრობდით. ჩემი მეზობელი ასწავლიდა ქართულ ხალხურ საკრავებზე დაკვრას. დავინტერესდი და სურვილი გამიჩნდა მასთან მივსულიყავი. ფაქტობრივად, ქალბატონი გულნაზი ჩემი პირველი პედაგოგი იყო. შემდეგ თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად და ანსამბლ „მართვეში“ მიმიყვანეს მშობლებმა. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ, სწორედ „მართვემ“ განაპირობა ჩემი ამ საქმის პროფესიად ქცევა. იცით რა არის, გუნდში სიმღერას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. მაგალითად, არსად არ ხდება ასაკობრივი გაერთიანება. გუნდში პირველ ხმას ყველაზე პატარები მღერიან, მეორე ხმას – უფრო მოზრდილები და ბანს – უფროსი თაობა. ეს ასაკობრივი დაყოფა აყალიბებს მეგობრობას, ერთმანეთისადმი პატივისცემას. ქართულ ხალხურ სიმღერაში ეს კომბინაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მადლობა ჩემს მშობლებს, რომ მე ამ მიმართულებით აღმოვჩნდი“, – ლოტბარი დავით ცინცაძე.

– როგორც ვიცი, სხვა პროფესიებსაც ფლობ10822338_772460532803001_601813429_n
– ვსწავლობდი ტექნიკურ უნივერსიტეტში – ეკონომიურ-ინფორმატიკის მიმართულებით. ვსწავლობ მაგისტრატურაში – გალობის კვლევის მიმართულებით. დავამთავრე თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის II მუსიკალური ინსტიტუტი – აკადემიური გუნდის დირიჟორის სპეციალობით. ასევე დავამთავრე გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობა-სიმღერის უმაღლესი სასწავლებელი. არმაზ ახვლედიანის, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში ვსწავლობდი, სადაც შევიძინე ისეთი თვისებები, რაც ვიცოდი, რომ ჩემი ანსამბლის მენეჯმენტისთვის გამომადგებოდა. ყველა თვისებას, რომელიც სხვა პროფესიებისგან შევიძინე, ტრადიციული კულტურის, ქართული ხალხური მუსიკისა და გალობის განვითარებისთვის ვიყენებ. შეიძლება დაიღალო სისტემატური ჩაწერებით, ყოველდღიური რეპეტიციებით, მაგრამ საკმარისია ორდღიანი შეჩერება, ისევ გენატრება ეს პროცესი.
– როგორ ჩამოყალიბდა ანსამბლიშავნაბადა“?
– ჯერ კიდევ „მართვედან“ შეიქმნა ანსამბლი „შავნაბადა“. მოგეხსენებათ, ანსამბლ „მართვეში“ მოხვედრა ადვილი არასდროს იყო, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ პასუხისმგებლობის გრძნობა იღვიძებს. არ არის აგდებული დამოკიდებულება. მეგობრების, პედაგოგის რიდი გაქვს. როდესაც ხედავ, შენი უფროსი მეგობარი შენზე კარგად მღერის, გიჩნდება სტიმული, რომ შენც კარგად იმღერო. პირველი ხმიდან გადახვიდე მეორე ხმაზე, მეორე ხმიდან – ბანზე და ასე ამთავრებ საბავშვო გუნდში სიმღერას. ჩვენ კი ვიფიქრეთ, რომ არ უნდა დაგვემთავრებინა შემოქმედებითი ცხოვრება და ჩამოვაყალიბეთ ანსამბლი „შავნაბადა“. სამეგობრო ანსამბლი ვიყავით, მაგრამ შეგვიტყუა და სხვა სიმაღლეებზე აღმოვჩნდით.
– რატომშავნაბადა“?
– ჩვენ ვიყავით კარგი მომღერალი მეგობრები. ორი წლის შემდეგ პერსპექტივა არ ჩანდა. ანსამბლს სახე მაშინ მიეცა, როცა სიმღერების ჩაწერა დავიწყეთ. ანსამბლი შეიძლება დაშლილიყო, ჩვენი ხმის რეჟისორი დავით ხოსიტაშვილი რომ არ გამოჩენილიყო. სოციალურ ქსელში მომწერა, სიმღერის ჩაწერა მინდა და იქნებ ჩავწეროთო. ჩვენც დავთანხმდით. მას შემდეგაც, ყოველთვის, რაღაც უცნაურად გვიმართლებდა. შავნაბდიანი წმინდა გიორგის მადლიერების გამოსახატავად  ანსამბლს „შავნაბადა“დავარქვით.
– პირველი სიმღერა რომელი ჩაწერეთ და რატომ?10818595_772460526136335_707533030_n
– ეს იყო სიმღერა „ჩვენ მშვიდობა“. იმ დროისთვის, ახალგაზრდებში ხალხური სიმღერა ნაკლები პოპულარობით სარგებლობდა და საჭიროდ ჩავთვალეთ, ჩაგვეწერა. მართალია, ერთ-ერთი ყველაზე რთული სიმღერაა, მაგრამ  13 წელი „მართვეში“ რომ მღერი, სირთულის დაძლევა უნდა შეგეძლოს.
– საერთოდ, რთულია ქართული ხალხური სიმღერა და გალობა. ალბათ, გქონდათ რთული პერიოდებიც
– იყო პერიოდი, როცა ჩვენ  სხვადასხვა მოქმედ ანსამბლებს, ჩანაწერებს ვბაძავდით. ასე ხდება, როცა სწავლის პროცესში ხარ. ახლა სხვა ეტაპზე ვართ. ვცდილობთ, ძველი ჩანაწერებიდან, ოსტატ-შემსრულებლებისგან ვისწავლოთ სიმღერა და მისადმი დამოკიდებულება. ჩვენი ინტერპრეტაციით, ხედვით, დამოკიდებულებებით შევასრულოთ. რაც შეეხება გალობას,  ჩვენ ახლა ერთ-ერთ გარდამტეხ ეტაპზე ვართ.  ჩვენ, ფაქტობრივად, ერთ-ერთი პირველები ვართ მამაკაცთა გუნდებიდან, ვინც ჩავწერეთ წირვისა და ლოცვის სასწავლო აუდიოგამოცემა, რომელიც მთელს საქართველოში უფასოდ ვრცელდება. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ეს არ არის ხალხური სიმღერა, შეგეშალოს და თქვა, არა უშავს. სხვა კანონიკასთან არის დაკავშირებული.
– ანსამბლს ზაფხულში 10 წელი უსრულდება
– დიახ, უცნაურია, რამ გაგვაძლებინა 10 წელი, როცა ანსამბლს ჰონორარი არასდროს ჰქონია. ამ დროის განმავლობაში 8 სოლო ალბომი გამოვიდა, 4 სოლო კონცერტი ჩავატარეთ. გვქონდა უამრავი გასტროლი და სხვადასხვა ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობით გამოვირჩეოდით. უბრალოდ, ჩვენთვის მთავარი არასდროს ყოფილა ანაზღაურება. მნიშვნელოვანი იყო და არის საქმისადმი დამოკიდებულება.
გვქონდა პრობლემაც, როცა ერთი ანსამბლის წევრი გამოგვაკლდა, მაგრამ მისმა გარდაცვალებამ უფრო გაგვაერთიანა.
მაისში გვექნება საიუბილეო კონცერტი და ვამზადებთ გამოცემას, რომელიც, ვფიქრობ, განსხვავებულ ხელწერას წარმოადგენს. საბედნიეროდ, ანსამბლმა შექმნა თავისი ხელწერა. გვაქვს ინდივიდუალური საშემსრულებლო კულტურა, რაც პროფესიონალიზმისთვის აუცილებელია.
გარდა ამისა, „შავნაბადა“ არ არის ანსამბლი, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წევრისგან შედგება. ანსამბლის ირგვლივ არიან ადამიანები, რომლებიც „შავნაბადელებად“ მოიხსენიებენ საკუთარ თავს: ჩვენი ხმის რეჟისორი, ჩვენი პიარმენეჯერი მაიკო ღუღუნიშვილი, რომლის დახმარებითაც ხალხი გვიცნობს. ამიტომ, ეს არ იქნება მხოლოდ შავნაბადას იუბილე, არამედ იქნება – ჩვენი ერთიანი მეგობრობისა. საღამოში  ჩვენი მეგობრები და მეგობარი ანსამბლებიც მიიღებენ მონაწილეობას. 10 წლის თავზე კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ საზოგადოებას, ჩვენს დამოკიდებულებას ქართული ხალხური მუსიკისადმი და რომ კიდევ ბევრი გეგმა გვაქვს.
– არაერთი კონცერტი როგორც საქართველოში ისე, მის ფარგლებს გარეთ გამართეთ. შეგიძლია გამოარჩიო რომელიმე კონცერტი და რას იტყვი, ქართველ და უცხოელ მსმენელზე?10833547_772460519469669_403342963_n
-ალბათ, შემოქმედისთვის კონკრეტული კონცერტის გამოყოფა შესაძლებელია. გავიხსენებ საფრანგეთის, კორსიკის, კემბრიჯის კონცერტებს. ნამდვილად ამაღელვებელი იყო, თუმცა ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია საანგარიშო კონცერტები. საანგარიშო კონცერტებზე მსმენელს ვთავაზობთ ბოლო ორი წლის ჩვენს შემოქმედებით შრომას. ვასრულებთ ახალ, ყველა კუთხის, ჟანრის რეპერტუარს. მათ შორის საგალობლებსაც. ძალიან საპასუხისმგებლო კონცერტებია და ვცდილობთ წარმატებით ჩაიაროს.
რაც შეეხება მსმენელს, უცხოელ აუდიტორიას სხვა სიმღერები უნდა უმღერო, ქართველებს – სხვა. ყოველთვის სანერვიულოა ქართველი მსმენელი. მან იცის, რა კარგი და ცუდი სიმღერა, იმიტომ, რომ მისია. უცხოეთში ქართველი ემიგრანტებისთვის ცალკე უფასო კონცერტებს ვატარებთ. როგორც ვიცით, ნოსტალგია დიდი აქვთ ქვეყნის მიმართ და ჩვენი დამოკიდებულებაც მათდამი განსხვავებულია.
– რეპერტუარს ვინ არჩევს?
– ძირითადად, მე ვარჩევ და მერე ანსამბლს წარვუდგენ. თითოეული მათგანის აზრი მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევია, რადგან ანსამბლში ყველა სოლისტია.
რაც შეეხება, საგალობლებს, აუცილებლობის შემთხვევაში ვარჩევთ. ხალხური სიმღერა გასართობ-შემეცნებითი და ეროვნულია. საგალობელი სხვა სულისკვეთების მატარებელია. სხვა მეთოდოლოგიით ვუდგებით.
– რას ნიშნავს იყო ლოტბარი?
– კარგია ეს კითხვა რომ დასვით. ბოლო ერთი კვირაა, საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჩნდა ინიციატივა, პროფესიულ სასწავლებლებში შეიმუშაოს ლოტბარ-რეგენტის სტატუსი. ამ ინიციატივას კოორდინაციას მე ვუწევ, თუმცა ჯგუფში არიან პროფესიონალებიც – ანზორ ერქომაიშვილი, ჯემალ ჭკუასელი, თამაზ გაბისონია და სხვები. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ, თუ რას ნიშნავს ლოტბარი და აღმოჩნდა, ის სტანდარტი, რაც აქამდე არსებობდა, იყო არა ლოტბარი, არამედ ქართული ტრადიციული მუსიკის შემსრულებელი. ლოტბარი, გარდა შემსრულებლის უნარისა, უნდა ფლობდეს და იცოდეს, სწორად გაანაწილოს მომღერლის როლი. როგორც რეჟისორსა და მსახიობებს, მწვრთნელსა და ფეხბურთელებს შორის, ასეთივე დამოკიდებულებაა ლოტბარსა და მგალობელ-მომღერლებს შორის. ლოტბარი ანაწილებს პროგრამას, ვინ რომელი ხმა, რომელი პარტია იმღეროს. საერთოდ, რა იმღეროს. გარდა ამისა, ბევრი აღსადგენი სიმღერა გვაქვს, რომელზეც ლოტბარმა უნდა იმუშაოს, ისე როგორც რესტავრატორი მუშაობს. უნდა შეეძლოს ისეთი ანსამბლის შექმნა, რომელიც მის გარეშე იმუშავებს რეპეტიციებზე და კონცერტზე გავა. ლოტბარი არ არის დირიჟორი. ის არის ანსამბლის მუსიკალური რეჟისორი. ლოტბართან ერთად, საეკლესიო გალობის დროს უნდა ითქვას რეგენტიც. თუმცა, სულხან – საბას განმარტებით, ლოტბარი ნიშნავდა ადამიანს, რომელიც განსწავლული იყო მუსიკით და შეეძლო ლოტბარ-რეგენტობა. საუკუნეების განმავლობაში  იცვლებოდა ამ სიტყვის მნიშვნელობა. დღესდღეობით, იმედი გვაქვს, ამ თემაზე კიდევ ვიმუშავებთ.
– ხშირად გიწევთ რეგიონებში გასვლა10841583_772460529469668_1877754939_n
– 2006 წელს უწმინდესმა და უნეტარესმა დააფუძნა გიორგი მთაწმინდელის სახელობის ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის უმაღლესი სასწავლებელი, რომელიც ლოტბარ-რეგენტებს ამზადებს. აქ არის ორი შემოქმედებითი სახელოსნო, ერთი ანზორ ერქომაიშვილის, მეორე – მალხაზ ერქომაიძის. მე ამ სასწავლებლის პირველი მოსწავლე ვიყავი და დავამთავრე. მოგეხსენებათ, რაიონებში ნაკლებად მღერიან ხალხურ სიმღერას. თბილისში ამის პრობლემა არ არსებობს. ამიტომ 2010 წელს ჩამოვაყალიბე, დავაარსე და შევქმენი ქართული გალობისა და ხალხური სიმღერის სკოლა. ასეთი რაიონული სკოლები 20 რაიონში გვაქვს. ამჟამად 2000-მდე ბავშვს და 80 პედაგოგს მოვიცავთ მთელი საქართველოს მაშტაბით. ინტენსიურად ვმუშაობთ ბავშვების აღზრდაზე, რომ შეისწავლონ ლოტბარ-რეგენტის პროფესია და დაუბრუნდნენ რეგიონებს. მათთვის გათვალისწინებულია ჰონორარი. ღმერთმა ქნას, ბევრი ლოტბარ-რეგენტი გვყავდეს, თუმცა, ამ ეტაპზე ჩვენ მათ ვეძებთ. პირველი შედეგებიც მივიღეთ. ძალიან მალე დავუბრუნებთ ლანჩხუთს ავთო თურქიას. მომავალი წლიდან კი ყოველ წელს დაბრუნდებიან ლოტბარ-რეგენტები რეგიონებში.
– გურია
– გამახსენდა ნოდარ დუმბაძე: „სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია“. ეს არის მხარე, რომელიც ყველაფერს მაძლევს, ხვალინდელი დღე უფრო ენერგიულად და შემართებით გავაგრძელო. გურია არის ადგილი, რომელიც ჩემს სულს, განწყობას ავსებს. მაძლევს ყველაფერ იმას, რამაც არ უნდა გამაჩეროს და მომადუნოს. მიჯაჭვული ვარ, სისხარტით, ფორიაქით, სიფიცხით, ემოციებით. ყველა ეს თვისება კი წარმატებაში მეხმარება. წელი არ გავა, “შავნაბადამ” წარმატებული ნაბიჯი არ გადადგას. ერთ წელში 70 სიმღერა ჩავწერეთ. სწრაფი ტემპით მივდივართ. განსაკუთრებით ემოციურობა მეხმარება, რაც მუსიკაში ყველაზე მნიშვნელოვანია.

მზევინარ ხუციშვილი

10822602_772460536136334_1988142161_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები