დავით ქართველიშვილი: პუტინის ადმინისტრაციაში ქართველთმოძულე კირიენკოს მიერ არის მომზადებული დადგენილება დელიმიტაცია-დემარკაციის შესახებ, და ეს არ არის მხოლოდ ტექნიკური პროცესის დაწყების ამსახველი – შეიძლება იყოს სტრატეგიული ნაბიჯი
პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი 2025 წლის 22 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დადგენილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“ფორმალურად, დოკუმენტი თითქოს ტექნიკური ხასიათისაა, თუმცა ბოლო თვეების პოლიტიკური გადაადგილებების ფონზე იგი გაცილებით ღრმა სტრატეგიულ შინაარსს იძენს,” – წერს ექსპერტი და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განხორციელებულ საშტატო ცვლილებებს განმარტავს.
“2025 წლის 22 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლითაც ვინმე ნიკოლაი უდოვიჩენკო დაინიშნა სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებში. დადგენილებაში ცალკე ყურადღება ექცევა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს. ფორმალურად, დოკუმენტი თითქოს ტექნიკური ხასიათისაა, თუმცა ბოლო თვეების პოლიტიკური გადაადგილებების ფონზე იგი გაცილებით ღრმა სტრატეგიულ შინაარსს იძენს.
საქმე იმაშია, რომ ა.წ. 20 სექტემბერს თანამდებობა დატოვა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოადგილე დმიტრი კოზაკმა, ადამიანმა, რომლის კურატორობის ქვეშ იმავე აფხაზეთს სერიოზული “განსაცდელები” დაატყდა თავს: ენერგომომარაგების და საბიოჯეტო შეზღუდვების კუთხით. ადამიანი – რომელსაც “განსაკუთრებული” შეხედულებები ჰქონდა უკრაინის კონფლიქტის მიმართ. ის წლების განმავლობაში ითვლებოდა უფრო მოქნილ და პრაგმატულ ფიგურად რუსეთი-საქართველოს ურთიერთობების კონტექსტში. ამჟამად მისი ფუნქციების ნაწილი გადავიდა ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილე სერგეი კირიენკოზე, რომელიც ქართულ საზოგადოებაში ცნობილია როგორც ქართველთმოძულე და მკვეთრად პროსეპარატისტული მიმართულების პოლიტიკოსი.
განსაკუთრებით სიმბოლური ფაქტორია ისიც, რომ კირიენკო დაბადებულია სოხუმში. რიგი ექსპერტების შეფასებით, ის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს აღიქვამს როგორც „საკუთარ პოლიტიკურ სივრცეს”, რომლის სტატუსიც უნდა განმტკიცდეს და გაუქმდეს თბილისთან მისი შესაძლო დაბრუნების პერსპექტივა.
სწორედ მისი აქტიურობის პერიოდში სოხუმში ფუნქციონირება დაიწყო აეროპორტმა, მოწესრიგდა საბიუჯეტო და ენერგომომარაგების საკითხები, ხოლო ცხინვალის რეგიონში შემოღებული გახდა “ეროვნული” ვალუტა – ის სოხუმისა და ცხინვალის ყველაზე ხშირი სტუმარია სხვადასხვა ღონისძიებებზე და სამუშაო ვიზიტების დროს. კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი – წარსულში კირიენკოს სახელი ასოცირდებოდა რუსეთში ცნობილი სექტის, “საიენთოლოგიის ეკლესიის” ერთ-ერთი ლიდერის პოზიციასთან – აქედან დასკვნები გამოიტანეთ მის დამოკიდებულებასთან ჩვენს ერთმორწმუნეობაზე.
ასე რომ, დიდი ალბათობით, სწორედ კირიენკოს მიერ მომზადებული ეს დადგენილება დელიმიტაცია-დემარკაციის შესახებ, არ არის მხოლოდ ტექნიკური პროცესის დაწყების ამსახველი – ეს შეიძლება იყოს სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც მიმართულია:
✅ ოკუპაციის სამართლებრივი განმტკიცებისკენ – „დადგენილი საზღვრის” ფორმალური გაფორმებით;
✅ საერთაშორისო აღიარების ეტაპობრივი მიყვანისკენ – თუნდაც არაპირდაპირი მექანიზმებით;
✅ კონფლიქტის „გაყინული” მდგომარეობიდან – დასრულებული დაყოფის პოლიტიკისკენ გადასვლით.
ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყვეს:
1. ინჟინერული და სასაზღვრო ბარიერების გაძლიერება,
„მავთულხლართების” ხაზის გაფართოება, ახალი საგუშაგოების გამოჩენა, მოსახლეობაზე ზეწოლის ზრდა.
2. ინსტიტუციური ინტეგრაციის გაღრმავება ოკუპირებულ რეგიონებთან: რუსულ საბაჟო, საგადასახადო, სამართალდამცავ და სოციალურ სისტემებში ჩართვა.
3. პოლიტიკური და საინფორმაციო ზეწოლის ინტენსიფიკაცია – თეზისი „ეს საზღვარი უკვე არსებობს და უნდა იქნეს აღიარებული” გახდება ცენტრალური.
ეს ვითარება გაგრძელდება, როგორც მინიმუმ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულებამდე – რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უნდა იყოს, მათ შორის რუსეთში სახელისუფლებო გუნდის ტრანსფორმაცია და განახლება. ჯერჯერობით საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზეგავლენა პერმანენტულად გადადის “მტრედებისა” და “ქორების” პარტიის წარმომადგენლების ხელში.
ასე რომ, ჩვენთვის ამ კონფლიქტის დასრულება რუსეთის ცალსახა გამარჯვებით – “ქორების” პარტიის გამარჯვების ტოლფასი იქნება. ამასთანავე, პრეზიდენტ ტრამპისა არ იყოს – ყველას კარგად გვესმის, რომ უკრაინის დაბრუნება თავის პირვანდელ საზღვრებში ვეღარ მოხდება. უნდა გამოინახოს სერიოზული კომპრომისული ვარიანტი, რომლის არარსებობამ ამ ეტაპზე – ჩაშალა კიდეც დაანონსებული ბუდაპეშტის სამიტი”- წერს დავით ქართველიშვილი.