იტალიის ქალაქი ბოლცანო პოლონური წარმოშობის ქართველი მხატვრის, ფუტურისტის, მწერლის, პოეტისა და მკვლევრის – ილია ზდანევიჩის სახელობის გამოფენას მასპინძლობს.
ბოლცანოს თანამედროვე ხელოვნების კერძო ფონდის – „ანტონიო დალე ნოგარეს ფონდის“ ორგანიზებით, მთავარ პავილიონში ილიაზდის შემოქმედების ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი გამოიფინა. რამდენიმე თვის განმავლობაში დამთვალიერებელი იხილავს ზდანევიჩის მიერ შექმნილ წიგნებს, პირად წერილებს და რამდენიმეწლიანი ექსპედიციების დროს შედგენილ მნიშვნელოვან დოკუმენტაციას.
გამოფენა 2026 წლის ივნისის ჩათვლით გაგრძელდება და მისი მიზანია, იტალიელ საზოგადოებას გააცნოს პოეტის, მწერლის, დიზაინერის, მეცნიერისა და ბიზანტიური და ქართული საკრალური არქიტექტურის თაყვანისმცემლის – ილია ზდანევიჩის (ILIAZD-ის თბილისი, 1894 – პარიზი, 1975) შემოქმედება. გამოფენა ასახავს ილიაზდის მხატვრული მეთოდების ევოლუციას, რაც კულმინაციას აღწევს მის მიერ ინოვაციური წიგნების შექმნაში. ილიაზდმა წიგნი ხელოვნების ობიექტად წარმოიდგინა – კონსტრუქციად, რომელიც ტექსტსა და გამოსახულებას შორის ურთიერთკავშირზეა დაფუძნებული, ინტელექტუალურ და სივრცულ არქიტექტურად როგორც სისტემაში, ასევე ფორმაში.
გამოფენაზე წარმოდგენილია მასალები მისი პირადი არქივიდან: ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა არქიტექტურულ-რელიეფური ნახატები, დიზაინის პროექტები მოდის სფეროში – როცა ილიაზდი თანამშრომლობდა სონია დელონესთან და კოკო შანელთან; წიგნთა პროექტები და მისი თანამშრომლობის შედეგი იმ პერიოდის უნიკალურ მხატვრებთან.
გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილია ბერდია კუტუბიძის მიერ გადაღებული „აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დოკუმენტური ფილმი – „მარადიულნი: ყველაფრიზმი“, რომელსაც ადგილზე მისული დამთვალიერებელი ყოველდღიურად ნახავს.
ევა ბრიოსკი – „ანტონიო დალე ნოგარეს ფონდის“ შემოქმედებითი დირექტორი:
„ბიენალეზე, რომელიც ვენეციაში გაიმართა, ქართულ პავილიონში მოვხვდი, სადაც ილიაზდის შემოქმედებას გავეცანი. ასევე ვნახე დოკუმენტური ფილმი „მარადიულნი: ყველაფრიზმი“ ილია ზდანევიჩის შესახებ. რომელმაც მომცა ყველანაირი ინფორმაცია, თუ რაოდენ დიდი იყო ზდანევიჩი“.
ანტონიო დელლე ნოგარე, „ანტონიო დალე ნოგარეს ფონდის“ პრეზიდენტი:
„ილიაზდი იყო ძალიან სპეციფიკური ხელოვანი. მან ბევრი რამ გააკეთა ცხოვრებაში, მოღვაწეობდა სხვადასხვა სფეროში, შეიძლება იტალიაში ძალიან ცნობილი არ არის და ეს ჩემთვის წარმოუდგენელიც კია. ამიტომაც ვცდილობთ, რაც შეიძლება ბევრ ადამიანთან მივიტანოთ ინფორმაცია ამ დიდი პიროვნების შესახებ. ვფიქრობთ, ხელოვნების ისტორიაში მას თავისი ადგილი ღირსეულად უკავია“.
საგამოფენო სივრცეში მოწყობილია სპეციალური ადგილი, სადაც დამთვალიერებელს შეუძლია, ნებისმიერ დროს უყუროს ფილმს ილია ზდანევიჩის შესახებ. საათნახევრიან ფილმში გადმოცემულია ილია ზდანევიჩის ცხოვრებისა და შემოქმედების ყველა არსებითი დეტალი, წარმოდგენილია ისეთი დოკუმენტებიც, რომლებზედაც ფართო საზოგადოებას დღემდე ინფორმაცია არ ჰქონდა
ჯულია მარშო, გამოფენის კურატორი:
„ამ ფილმში ისეთი დეტალები და პირადი დოკუმენტაციაა ნაჩვენები, რომელსაც ამ დრომდე დღის შუქი არ უნახავს. გამოფენაზე დამთვალიერებელი ბევრ სიახლეს აღმოაჩენს ილიაზდის შესახებ. აქ გამოფენილია მის მიერ ექსპედიციების დროს შექმნილი ძველი ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლების ნახატები, პირადი წერილები და ის მნიშვნელოვანი დოკუმენტაცია, რომელიც ილიაზდის დიდებულებას გვაჩვენებს“,
ბერდია კუტუბიძე, ფილმ „მარადიულნი: ყველაფრიზმის“ ავტორი:
„საზღვრების მიღმა გასვლა და უფრო მეტი ადამიანის დაინტერესება, ილიაზდის უფრო მეტი ადამიანისთვის წარდგენა, უმნიშვნელოვანესი იყო. ილიაზდის პიროვნებაში ამ შემთხვევაში მოიაზრება განზოგადებულად ქართული კულტურა.
ეს არის ილია ზდანევიჩისადმი მიძღვნილი ყველაზე ფართომასშტაბიანი გამოფენა, რომელიც იტალიის ტერიტორიაზე ოდესმე გამართულა. აქ ამ ხნის განმავლობაში, დილიდან საღამომდე, გამოფენის გახსნიდან დახურვამდე, იქნება ჩვენი ფილმის ჩვენება სუბტიტრებით. თუმცა ითხოვეს, რომ ორიგინალი ენა ქართული ყოფილიყო, ეს იმიტომ, რომ ადამიანებს უფრო მეტად შეეგრძნოთ ჩვენი ქართული გული, სული…
გამოფენა და ფილმის ჩვენება იტალიაში ჩემთვის, როგორც ავტორისთვის, და დარწმუნებული ვარ, ჩემი შემოქმედებითი ჯგუფის თითოეული წევრისთვისაც, ძალიან საამაყოა, რა თქმა უნდა, საამაყოა აჭარის ტელევიზიისთვის და რადიოსთვის, რომ პროდუქტზე, რომელიც ჩვენ შევქმენით, ექოს პრინციპით ჯერ კიდევ გრძელდება გამოხმაურება. ამაზე მეტი ჯილდო და მონაპოვარი როგორც ავტორებისთვის და შემქმნელებისთვის ალბათ არ არსებობს“.
ამონარიდი საინფორმაციო ბუკლეტიდან – უშუალოდ ფილმის შესახებ:
„დოკუმენტური ფილმი „მარადიულნი: ყველაფრიზმი“ კიდევ უფრო სიღრმისეულად იკვლევს ილიაზდის შემოქმედებით მასშტაბებსა და მრავალფეროვნებას, გვთავაზობს დამატებით პერსპექტივებს მისი მრავალმხრივი შემოქმედებისა და მოღვაწეობის შესახებ, რომელიც შეუძლებელია ამა თუ იმ გამოფენის ფარგლებში სრულად იქნეს წარმოდგენილი.ეს დოკუმენტური ფილმი ასახავს მისი ცხოვრების სრულ რკალს – ბავშვობა, განათლების მიღების პერიოდი, ახალგაზრდობაში ფუტურიზმით გატაცება, „ფიროსმანის“ აღმოჩენა, გამომცემლობა „41°“-ის იდეოლოგიის განვითარება… ის ნათელს ჰფენს მის რევოლუციურ პუბლიკაციებს, ჯერ კიდევ თბილისში ცხოვრების პერიოდში გავრცელებულ ხელნაკეთ წიგნებს, 1910-იანი წლების ექსპედიციებს, ასევე პარიზში მოგზაურობას ახალი მხატვრული ჰორიზონტების საძიებლად.
პარიზში ილიაზდი შეხვდა და დაუახლოვდა იმ დროისთვის ნაკლებად ცნობილ მხატვრებს, რომლებიც ამჟამად, ხელოვნებისა და მოდის ისტორიაში ხატებად მოიაზრებიან. ზდანევიჩის ისტორიული არქივის ნაწილი ინახება თბილისში, მნიშვნელოვანი ნაწილი კი საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და პომპიდუს ცენტრშია დაცული, ხოლო მცირე კოლექცია მარსელის მახლობლად მდებარეობს.ეს უკანასკნელი, სახელწოდებით „ილია ზდანევიჩის დოკუმენტური ფონდი“, შეიცავს უდიდესი ღირებულების მასალებს როგორც ქართული, ასევე მსოფლიო კულტურისთვის.
ფილმში წარმოდგენილი მასალები ამ უნიკალური არქივიდანაა აღებული: გამოუქვეყნებელი პირადი მიმოწერა, ფოტოები, პუბლიკაციები და ხელოვნების ნიმუშები – რომელთაგან ზოგიერთი ბოლცანოში, „ანტონიო დალე ნოგარეს ფონდის“ მიერ ორგანიზებულ გამოფენაზეა წარმოდგენილი.
რაც შეეხება ფილმის მხატვრულ-დოკუმენტურ ღირებულებას, ის ისეთივე ავანგარდული, უჩვეულო, უბადლო და ორიგინალური ფორმითაა წარმოდგენილი, როგორიც თავად ილიაზდი იყო. მისი აუდიო-ვიზუალური სტრუქტურა დატვირთულია სიმბოლიზმით, რაც მაყურებელს ჰიპნოზის ქვეშ ამყოფებს და არცერთი წუთით, ყურადღების მოდუნების საშუალებას არ აძლევს“.