ჭიათურაში, ე. წ. „საშევარდნოს“ კლდეზე, ახალი ვია ფერატა (via ferrata) მოეწყო

,,ჭიათურაში, ე.წ. „საშევარდნოს“ კლდეზე, ახალი ვია ფერატა (Via Ferrata) მოეწყო — თანამედროვე ტურისტული ობიექტი, რომელიც სათავგადასავლო ტურიზმის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებას წარმოადგენს მთელ მსოფლიოში”, – ამის შესახებ ინფორმაციას ჭიათურის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერი გივი მოდებაძე, მერის მოადგილეები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

,,პირველმა ამსვლელებმა წარმატებით დაძლიეს მარშრუტი, რომელიც რუსთაველის ქუჩიდან „საშევარდნოს“ გადასახედამდე მიემართება.
ახალი ექსტრემალური ბილიკი გათვლილია როგორც პროფესიონალ მეკლდეურებზე, ისე სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულ მოქალაქეებზე და მიზნად ისახავს ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და ქალაქის ტურისტული პოტენციალის გაზრდას.
აღსანიშნავია, რომ ვია ფერატა საქართველოში და მთელ კავკასიაში პირველად სწორედ 2021 წელს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერში მოეწყო,
ხოლო ახლად მოწყობილი მარშრუტი „საშევარდნოს“ კლდეზე მეორეა და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია რეგიონის სათავგადასავლო ტურიზმის განვითარებაში.
ახალ ვია ფერატას ჭიათურაში რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს:
მისი ადგილმდებარეობა უზრუნველყოფს ვიზიტორთა ნაკადებთან უფრო დიდ ხელმისაწვდომობას, ხოლო მარშრუტის გავლით სტუმრებს შესაძლებლობა ეძლევათ მოხვდნენ ადგილზე, საიდანაც პანორამული ხედი მთელ ქალაქზე იშლება.
პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 300 000 ლარს.
ის განხორციელდა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით.

ჭიათურის მერის, გივი მოდებაძის განცხადებით, მომავალში დაგეგმილია ზიპლაინის მოწყობაც, რომელიც „საშევარდნოს“ კლდეს დააკავშირებს კულტურის ცენტრთან და ყოფილი პიონერთა სასახლის ტერიტორიაზე განთავსებულ სკვერთან.
დღესვე გაიმართა ცნობილი მთამსვლელის, მეკლდეურის და სპელეოლოგის -გოდერძი სამხარაძის სახელობის მეკლდეურობის ფესტივალი”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები