სოფელ ბარდნალაში ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია გაიხსნა
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდნალაში ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია გაიხსნა.
ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პროექტი ლადო ასათიანის ოჯახისა და ცაგერის ისტორიული მუზეუმის ინიციატივით განხორციელდა. სახლ-მუზეუმის განახლებული კონცეფციის ავტორია აკა მორჩილაძე.
განახლებული მუზეუმი საზეიმო ღონისძიებით გაიხსნა, რომელზედაც სიტყვით გამოვიდა ცაგერის ისტორიული მუზეუმის დირექტორი ნატო ზაქარიაძე.
ღონისძიებაზე ცაგერის კულტურის ცენტრმა წარადგინა ლადო ასათიანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი კონცერტი..
ღონისძიებას ესწრებოდნენ: პოეტის ოჯახის წევრები, ცაგერის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, მოწვეული სტუმრები.
მუზეუმის რენოვაციის პროექტი მწერალ აკა მორჩილაძის კონცეფციით და ხელოვნების ისტორიის დოქტორის,მარიამ კაკაბაძის კურატორობით, „თიბისი“ ბანკის დაფინანსებით და ცაგერის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.
ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი ბარდნალაში დაარსდა 1971 წელს და უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ლეჩხუმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრს წარმოადგენს. სწორედ აქ გაატარა პოეტმა ბავშვობა და სიყმაწვილე – გარემოში, რომელმაც დიდი კვალი დატოვა მის შემოქმედებაში.
მუზეუმის განახლებული ექსპოზიცია მიზნად ისახავს პოეტის პიროვნებისა და შემოქმედების ავთენტიკურ, ცენზურისგან თავისუფალ წარმოდგენას. ახალი კონცეფცია აქცენტს აკეთებს ასათიანის ოჯახის ისტორიაზე, საბჭოთა ეპოქის რეალობასა და იმ პირად ტრაგიზმზე, რომელიც პოეტის ცხოვრებას თან სდევდა.
„განახლებული მუზეუმი ერთდროულად წარმოგვიდგენს როგორც ლადო ასათიანის შემოქმედებით სამყაროს, ასევე იმ გარემოს, რომელშიც ის ცხოვრობდა, დასავლურ-ქართული ყოფის, შინაური ატმოსფეროსა და ლეჩხუმური კულტურის ელემენტებით.
განახლებული ექსპოზიცია მოიცავს ფოტოებს, დოკუმენტებს, საარქივო მასალას, წიგნებსა და პირად ნივთებს, რომელიც პოეტის ცხოვრების სხვადასხვა პერიოდს ასახავს.
პროექტის მიზანია ლადო ასათიანის სახლ-მუზეუმი იქცეს არა მხოლოდ მემორიალურ ადგილად, არამედ ცოცხალ კულტურულ სივრცედ, რომელიც აერთიანებს წარსულსა და თანამედროვეობას“, – წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.