მგელიკა ლიქოკელი – ხევსური დასტაქარი, რომელიც თავის ქალის ოპერაციას ანესთეზიის გარეშე აკეთებდა
მგელიკა ლიქოკელი, ხევსური მკურნალი, რომელსაც მწერალი გრიგოლ რობაქიძე მისტიკურ რომანში „ენგადი“ (1932 წ.) ჯადოსანს უწოდებდა, 1870-1930 წლებში ხევსურეთში ექიმობდა. საქართველოს მედიცინის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმში დაცული მასალები ადასტურებს, რომ ლიქოკელი ურთულეს ოპერაციებს, მაგალითად, თავის ქალის ტრეპანაციას, დამოუკიდებლად და ანესთეზიის გარეშე, სულ რაღაც ოთხ საათში ასრულებდა.
პოლონელი მწერალი და ჟურნალისტი, ჰელენა ბობინსკა, გაოცებით აღნიშნავდა: „მას ოპერაცია გაუკეთებია მკერდის არეში ძვლის ტუბერკულოზით დაავადებული ქალისთვის, 7 ნეკნი ამოუჭრია და ის სრულიად ჯანმრთელია, აგრეთვე მუცლისა და გულმკერდის არეში ტყვიით დაჭრილი ბევრი განუკურნავს. ახლა ამ მოხუცი ექიმის ქირურგიულ იარაღებს აღარ იკითხავთ? ღმერთმანი, როცა მისი უბრალო ჩაქუჩები, მახათები, დანები ვნახე, მეწაღედ უფრო ვიწამე, ვინემ ექიმად. ამ იარაღებით მას თავის ქალის ტრეპანაცია გაუკეთებია. მგელიკას თურმე არასოდეს უსწავლია. სახელგანთქმულ მამამისს ეხმარებოდა ექიმობაში და შემდეგ თვითონაც ექიმობა ირჩია“.
ხევსურ ექიმთა შორის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დასტაქრის შესახებ ვრცელი ცნობები ექიმმა გიორგი თედორაძემ შეაგროვა წიგნში „ხუთი წელი ფშავ-ხევსურეთში“. თედორაძე ხევსურეთში სამუშაოდ XX საუკუნის 20-იან წლებში მიავლინეს. როდესაც ის მგელიკას შეხვდა, ლიქოკელი უკვე 83 წლის იყო, მაგრამ კვლავაც წარმატებით ატარებდა რთულ ოპერაციებს. მგელიკა ლიქოკელი ოპერაციებს ფოლადისა და ძვლისგან თავად დამზადებული ხელნაკეთი ინსტრუმენტებით აკეთებდა. ამ უნიკალური იარაღებიდან რამდენიმე დღემდეა შემორჩენილი და სოფელ კორშას მუზეუმში ინახება.