„ლენტებით ქარგვა სიყვარულია, სინაზეა“ – ნინო ქოჩორაშვილის ხასხასა ფერები, მზესუმზირები და თეთრად გათენებული ღამეები

ბავშვობიდან აინტერესებდა ხელნაკეთი ნივთების კეთება. პანდემიამდე დაიწყო ლენტებით ქარგვა. ჯერ თავისთვის ქარგავდა, შემდეგ, როდესაც სხვებიც დაინტერესდნენ, გადაწყვიტა, შეკვეთები მიეღო.
პროფესიით საბავშვო ბაღის აღმზრდელია და უკვე რვა წელია ატლასის ლენტებით ქარგავს. არის საქართველოს მქარგველთა და ხელმარჯვეთა ასოციაციის წევრი, უამრავი სერტიფიკატის და დიპლომის მფლობელი. ორგანიზაცია „კულტურის ფესვების“ წევრია, რომლის სულისჩამდგმელია ნინი ნამგალაური. „კულტურის ფესვების“ პერსონალური კატალოგის ავტორია.
სასწავლო ცენტრ „თიენსის“ ქარგვის ხელმძღვანელია. აგრეთვე, უძღვება ონლაინკურსებს როგორც საქართველოს, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები ემიგრანტებისთვის. – ნინო ქოჩორაშვილის პერსონა.

–  ქარგვა პანდემიამდე დაიწყეთ… რატომ ლენტებით?
– რატომ ლენტებით? ამ კითხვას მეც ვერ გავცემ პასუხს. უბრალოდ მომეწონა ლენტებით ნაქარგები და დავიწყე ინტერნეტში ძიება.
– გვაოცებს თქვენი ხასხასა ფერები, გვირილები, ვარდები, კესანები, იორდასალამები, მზესუმზირები, იები, იასამნები, ნარცისები, ენძელები… და მაინც, რომელია ყვავილი, რომლის ამოქარგვაც გიყვართ?
– ყველა ყვავილს დიდი სიამოვნებით ვქარგავ,ყოველი კვანძი მიყვარს. გამორჩეულად მომწონს მზესუმზირების ქარგვა.
– ბროწეულები, სხვადასხვა რაკურსით, გამორჩეულია თქვენს შემოქმედებაში…
– ბროწეულები გამრავლების, ბარაქის სიმბოლოა. მომწონს ბროწეულების სხვადასხვა რაკურსით კომბინაციაში ქარგვა. საოცარი შეგრძნებაა კრისტალებთან მუშაობა.
– რა გაძლევთ შთაგონებას?
– რა მაძლევს შთაგონებას – სიყვარული ჩემი საქმის,სურვილი სიახლის,მადლიერი დამკვეთის შეფასება.
– საბავშვო ბაღის აღმზრდელად მუშაობთ, თან ქარგავთ? როგორ თავსდება ეს ორი საქმე ერთმანეთთან?
– დილიდან საღამომდე ჩემს აღსაზრდელებთან ვარ. ბევრჯერ დამთენებია, ქარგვა უდიდეს სიამოვნებას, ბედნიერებას მანიჭებს, მაძლიერებს ყოველი ახალი სტილი, შერეული ტექნიკით მოქარგვა.– როგორ შეიქმნა მზის ანგელოზების სერია?
– მზის ანგელოზები ინტერნეტში აღმოვაჩინე, მხოლოდ ნახატები. ვიფიქრე, რატომაც არა. ვცადე და დიდი სიყვარული დაიმსახურა.
– ერთი ნამუშევრის ისტორია.
– ბევრი საინტერესო ისტორია მაქვს. მოგეხსენებათ, ვასწავლი ლენტებით ქარგვას. უამრავი მოსწავლე წარმატებით აგრძელებს ამ ხელოვნებას. მოვინდომე ერთი სურათის მოქარგვა (არ დავასახელებ, რომლის). როდესაც ნახავს ამ ინტერვიუს, მიხვდება თვითონ.დავურეკე ჩემს მოსწავლეს და ვკითხე, როგორ უნდა მომექარგა. ჯერ გაოცდა, მერე მკითხა, სერიოზულად თუ ვეკითხებოდი. პასუხი ასეთი იყო – შენ შეძლებ! მართლაც, შევძელი.
–  გვიამბეთ მქარგველთა და ხელმარჯვეთა ასოციაციასა და ორგანიზაცია „კულტურის ფესვებზე“…
– ხელმარჯვეთა და მქარგველთა ასოციაციის წევრობა ჩემთვის დიდი პატივია.ჩვენ პერიოდულად ვიკრიბებით, ვუზიარებთ ერთმანეთს სიახლეებს.იქ არიან ჯვარედინი მქარგველები, სხვადასხვა ხელსაქმით დაკავებული ქალბატონები. ვატარებთ მასტერკლასებს. გვაქვს გამოფენები. საოცარი ატმოსფეროა. ამ ასოციაციის ხელმძღვანელის, ქალბატონ გულიკოს დამსახურებაა, ჩემი იასამნები რომ ასეთი მოთხოვნადია.
როგორც გითხარით, „კულტურის ფესვების“ პირველი კატალოგის ავტორი ვარ, რომელშიც თავმოყრილია 50 ნიჭიერი ხელოვანის შემოქმედება.
იმის მიუხედავად,რომ მე ჩემი გვერდი მაქვს ნინო ქოჩორაშვილის ნამუშევრები (Ninisia), ამ კატალოგით გავხდი უფრო ცნობადი, რისთვისაც უდიდესი მადლობა კულტურის ფესვების ავტორს, უნიჭიერეს ნინი ნამგალაურს. ამას მოჰყვა ჩემი პერსონალური კატალოგი, რომლის დაფინანსებაც ჩემმა შვილმა აიღო თავის თავზე და გამიკეთა საჩუქარი.
– ქარგვის წრეს ხელმძღვანელობთ. რას ეტყოდით ქალბატონებს?
–  სასწავლი ცენტრ „თიენსის“ ქარგვის ხელმძღვანელი ვარ. ამავდროულად, მაქვს ონლაინგაკვეთილები. ქალბატონები, რომლებიც დაინტერესდებიან ამ ხელოვნებით, მზად ვარ, დავეხმარო. მიხარია, როდესაც ქარგვის ხელოვნებას ისე ითვისებს ჩემი მოსწავლე,რომ მოთხოვნადი ხდება. ლენტებით ქარგვა ხომ სიყვარულია, სინაზეა, მიყვარს ყველა, ვინც ამ საქმით ინტერესდება.
– რას ნიშნავს თქვენთვის ქარგვა?
– ქარგვა სიყვარულია,სურვილია, აჩვენო სხვას შენი ემოცია. როდესაც ვქარგავ, ყველანაირი ყოფითი პრობლემა მავიწყდება.– მონაწილეობთ გამოფენებში, მიიღეთ ჯილდოები… რომელ ჯილდოს და გამოფენას გამოარჩევდით? სამომავლო გეგმები.
– ბევრ ონლაინგამოფენაში მივიღე მონაწილეობა, როგორც საქართველოში,ასევე საზღვარგარეთ. ყველა გამოფენა ახლის ძიებაა, ახალი ურთიერთობებია.სამომავლო გეგმა მაქვს – მინდა დავაარსო ჩემი სახელოსნო,სადაც უსასყიდლოდ შევასწავლი მრავალშვილიან, შეჭირვებულ ქალბატონებს ქარგვას, რათა შეძლონ, შემოსავლის წყარო გაუჩნდეთ.

                                                                                                 თამარ შაიშმელაშვილი

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები