დაამთავრა სურამის მეორე საშუალო სკოლა, შემდეგ – ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი. შემდეგ ისე მოხდა, რომ ემიგრაციაში მოუწია წასვლა. ლექსების წერაც ემიგრაციაში დაიწყო. არის ერთი პოეტური კრებულის – „ენა და გულის“ ავტორი.
სტამბოლში ეწევა მრავალმხრივ საქმიანობას – ეხმარება სტამბოლში ჩასულ პაციენტებს, უნიშნავს კონსულტაციას, ურჩევს ექიმს, უწევს თარჯიმნობას. არის სტამბოლის ქართული ენის ცენტრის დირექტორის მოადგილე, უამრავი ღონისძიების და პროექტის ავტორი – ქართული ენის ცენტრის ხელმძღვანელთან, მეუღლესთან, ეშრეფ ილმაზთან ანუ (გოდერძი მახარაძესთან) ერთად.
არის: მრავალი ჯილდოს და რეგალიის მფლობელი. მათ შორის, „პერსონა“ 2021 წლის ტიტულის და 2022 წლის ბორდის წევრი; სხვადასხვა ფესტივალის და შეხვედრის მონაწილე.
საერთაშორისო ფესტივალზე „Feimin İstanbul “ ევროპის და აზიის სხვადასხვა ქვეყნის ქალების გვერდით საქართველო წარადგინა.
სტამბოლში გამართულ ხელოვნების დიდ ზეიმზე, მნიშვნელოვანი ჯილდო – „წლის საუკეთესო ხელოვანის“ ტიტული მიიღო. – პოეტისა და სტამბოლში მოღვაწე ემიგრანტის, ეკა სურამელის პერსონა.
– მე ვარ ეკატერინე მექერიშვილი (სურამელი), ფსევდონიმით სურამელი. არაჩვეულებრივი, უზრუნველი ბავშვობა მქონდა… გავიზარდე ქართულ ტრადიციულ ოჯახში, მადლობა ჩემს მშობლებს. ის ადამიანური თვისებები, რაც დღეს მაქვს, ჩემი მშობლებისა და ოჯახის დამსახურებაა. ბავშვი ოჯახის სარკეაო, – ამაზე მართალი არაფერი თქმულა,
მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე. მამის დედა არაჩვეულებრივად უკრავდა და მღეროდა გიტარას. ვფიქრობ, შვილებს – მამაჩემს და ორ ბიძას მუსიკის სიყვარული ამიტომ გამოჰყვათ. ხელოვნების სიყვარული მეც მომყვება, ვუკრავ გიტარას, მაგრამ არა პროფესიონალურად, არამედ ჩემთვის.
ბავშვობიდანვე მიყვარდა პოეზია. უამრავი კლასიკოსის ლექსები ვიცოდი ზეპირად.ერთხელ მახსოვს, კიდეც დავწერე ლექსი, მაგრამ არავისთვის მიჩვენებია და ისევე დაიკარგა, სამწუხაროდ, არც შემინახავს.
სამი შვილი ვყავდით ჩვენს მშობლებს, ბედნიერად ვიზრდებოდით. დავამთავრე სურამის მეორე საშუალო სკოლა, შემდეგ – ცხინვალის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორიის ფაკულტეტი.– და მაინც, ემიგრაციაში წახვედით?
– საყვარელი მამის – სიკეთის, კაცურკაცობის განსახიერების, 50 წლის ასაკში ავტოკატასტროფაში მოულოდნელად გარდაცვალების შემდეგ, ემიგრაციაში წამოვედი. შვილები პატარები დავტოვე, ნამდვილი ქართველი მანდილოსნის, წესიერებითა და სიკეთით გამორჩეული დედის იმედად.
და აგერ უკვე 18 წელია ემიგრანტი ვარ, ემიგრაციაში დავიწყე ლექსების წერა. შვილების, შენი ქვეყნის ტკივილი და მონატრება განაპირობებს, დაწერო, ამოთქვა შენი სულის, გულის ამოძახილი. თუმცა, ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში ვწერდი, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინდელი ლექსები არც შემინახავს და არც არავისთვის მიჩვენებია.
– პირველი ლექსი…
– პირველი ლექსის მუზა ემიგრაციაში მეწვია – მაშინ, როცა ერთი კეთილი საქმე ვითავე. მეგობარი ემიგრანტის შვილიშვილს, რომელიც სამი წლის იყო და ფილტვის სიმსივნით ავად გახდა, თანხას ვუგროვებდით. სწორედ ამ დროს დაიწერა პირველი ლექსი – სიკეთეზე. ეს იყო ჩემი სულის ერთგვარი ამოხეთქვა, ემოციისა და თანაგრძნობის გამოხატვა სიტყვებში.
– გამოეცით პოეტური კრებული „ენა და გული“…
– ჩემი პირველი წიგნი – ეს იყო ჩემი დიდი ხნის ოცნება, ნატვრა და სურვილი, რომელიც ბოლოს და ბოლოს ახდა. ამ წიგნში ჩადებულია ჩემი გული და სული – ეს ჩემი შინაგანი სამყაროს, ჩემი გულის ამოძახილია. ლექსები ორ ენაზეა გამოცემული და წიგნს ჰქვია „ენა და გული“. თარგმნა ჩემმა მეუღლემ – ბატონმა ეშრეფ ილმაზ მახარაძემ – თურქოლოგმა, პოეტმა და პედაგოგმა.
წიგნში გადმოცემულია მონატრება, სიყვარული, მეგობრობა, სამშობლოს ტკივილი – ყველაფერს მოვუყარე თავი და ერთ წიგნად გამოვეცი. დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს მეუღლეს – ბატონ გოდერძის, რომელიც არა მხოლოდ მხარში ამომიდგა, არამედ წიგნის გარეკანის ფოტოების შერჩევაში, თარგმანში და სხვა დეტალებში დიდად დამეხმარა. ყველაფერი საოცრად შეთანხმებულად და გულით გაკეთდა.წიგნის წარდგენა მქონდა სტამბოლში. ესწრებოდნენ როგორც საკონსულოს წარმომადგენლები, ასევე თურქი მწერლებიც და პოეტებიც, ემიგრანტები, ასოციაციის ხელმძღვანელები, წევრები. სულ მალე მეორე ლექსების კრებულს გამოვცემ, ასევე მალე მესამე წიგნიც გამოიცემა თურქეთში მოღვაწე თურქეთელ ქართველებზე, რომლებმაც შემოინახეს ქართული ენა, დამწერლობა კულტურა.
ჩემი ლექსები არაერთ ჟურნალ-გაზეთსა და ანთოლოგიაში დაიბეჭდა. თანაავტორობით რამდენიმე წიგნშია შესული, რაც მეტად მახარებს და წერის სტიმულს მაძლევს. ასევე აამღერეს კიდეც კომპოზიტორებმა და მუსიკოსებმა, რაც ძალიან მახარებს.
– სტამბოლში მრავალმხრივ საქმიანობას ეწევით. ხართ თარჯიმანი სტამბოლის წამყვან კლინიკებში.…
– ვმუშაობ გამოძახებით, ხოლო მეგობარ ხათუნა გოგოლიძესთან ერთად გვაქვს არასამთავრობო ორგანიზაცია „ულქუს დახმარების ცენტრი“. ჩვენ გვეკონტაქტებიან საქართველოდან – ქართველი პაციენტები, ვურჩევთ შესაბამის კლინიკას, ვეხმარებით ექიმის შერჩევაში, ვუნიშნავთ კონსულტაციას, ვხვდებით აეროპორტში, ვუჯავშნით სასტუმროს… ყველა ამ სერვისს სრულიად უანგაროდ ვაკეთებთ. ასევე გახლავართ სტამბოლის „ქართული ენის ცენტრის“ დირექტორის მოადგილე. მეუღლესთან ერთად მრავალი კულტურული საღამოს, პროექტისა და ღონისძიების ავტორები ვართ — არაერთი ლამაზი საღამო გაგვიმართავს ერთად.
– როდის იწერება ლექსი?
– როგორც ბევრ პოეტს, მეც მიჭირს შთაგონების გარეშე წერა – ჩემი შემოქმედება მთლიანად ემოციაზეა აგებული. ხშირად ერთი სიტყვაც კი შეიძლება მუზად იქცეს და ლექსი დაიბადოს. მაგრამ, გულწრფელად რომ ვთქვა – ჩემი შემოქმედების მთავარი მუზა და შთაგონების წყარო ჩემი მეუღლეა. ის არის ჩემი ლექსების სული და ხაზი.– ერთი ლექსის ისტორია…
– ეს ლექსი ჩემს მეუღლეს უკავშირდება. ჩვენ გვაქვს სოფელი ბოღაზქოი, ქარაჯაბეის მხარეში – იქ, სადაც თურქეთში მცხოვრები ქართველები ცხოვრობენ. ერთხელ, როცა იქ ვიყავით ჩასულები, დილაადრიან გამოვედი აივანზე. უცებ ჩემი თვალი ერთ პატარა ხურჯინზე შეჩერდა – ის აივნის კუთხეში ეკიდა. დამაინტერესა და მეუღლეს ვკითხე: – ამ ხურჯინში რა გაქვს ჩაყრილი-მეთქი? შეკითხვამდე მივუახლოვდი, ხელი შევახე – თითქოს მძიმე იყო. სწორედ ამან გამიჩინა ცნობისმოყვარეობა. და ოი, საოცრებავ… მეუღლემ – ბატონმა გოდერძიმ – მითხრა: – ამ ხურჯინში საქართველოდან ჩამოტანილი მიწაა. თუ ოდესმე რამე მომივა, ეს მიწა გულზე უნდა დამაყაროთო.ვერ გადმოვცემ, რა ემოცია დამეუფლა იმ წუთს. გულის სიღრმემდე შემძრა ამ სიტყვებმა. დღესაც, როცა ამას ვიხსენებ, ცრემლი მომადგება ხოლმე თვალზე. თვითონაც ისეთი გულით მითხრა, თითქოს იმ წამს სამშობლოს სუნი მოიტანა იმ პატარა ხურჯინში. მოკლედ, ორივე ძალიან ავღელდით… და აი, რამდენიმე თვის შემდეგ სწორედ ამ ამბავმა შთამაგონა ლექსი, რომელსაც დავარქვი: „მშობლიური მიწა დამაქვს ჩანთით“…– მეუღლესთან – ეშრეფ ილმაზთან ანუ (გოდერძი მახარაძესთან) ერთად უამრავი ღონისძიებისა და პროექტის ავტორი ხართ…
– რა თქმა უნდა, ორის ძალისხმევა ყოველთვის უფრო ძლიერია – სწორედ ერთიანობით იბადება დიდი საქმე. ბატონ გოდერძისთან – ცენტრის დამფუძნებელთან, ხელმძღვანელთან და, ამასთანავე, ჩემს მეუღლესთან ერთად – უამრავ საინტერესო და კეთილშობილ საქმეს ვაკეთებთ უცხო მიწაზე.
ბედნიერებაა, როცა გეძლევა შესაძლებლობა, აკეთო ის, რაც გულს გითბობს და სული გეხალისება. მე ეს ბედნიერება ბატონ გოდერძისთან ერთად მხვდა წილად – იმ ადამიანთან, ვინც ზრუნავს, რომ ჩვენი ქვეყნის კულტურა, ტრადიციები და ხელოვნება უცხო მიწაზეც არ მიეცეს დავიწყებას.
გულწრფელი მადლობა ჩემს მეუღლეს, რომელიც ამ საქმის თანაზიარია და გვერდში მიდგას ყველაფერში. ერთად უკვე არაერთი საღამო, ღონისძიება და პროექტი განვახორციელეთ, და წინ კიდევ ბევრ გეგმას ვატარებთ გულში. უფალმა ჯანსაღად და მხნედ მიმყოფოს მისი თავი – ჩვენი ერთობისა და კეთილი გზის სასიკეთოდ.
– ორი შემოქმედი ოჯახში… ორი პოეტი… ალბათ სულიერი სიახლოვე ბევრს განაპირობებს შემოქმედებით წინსვლაში… ბატონი გოდერძის წიგნი „თვალცრემლიანი პოეზია“ წელს იხილა მკითხველმა. წიგნის წარდგენა ქუთაისში გაიმართა. როგორ იწერებოდა ეს წიგნი?
– პოეზია ჩვენი სულიერი ენაა – გზა, რომლის გავლითაც ერთმანეთს კიდევ უფრო ახლოს ვგრძნობთ. როცა ორი პოეტი ცხოვრობს ერთ სივრცეში, სიტყვა თითქოს ორმაგ ძალას იძენს. გოდერძის წიგნი „თვალცრემლიანი პოეზია“ სწორედ იმ გულით დაიწერა, სადაც სევდა და სინათლე ერთად ცხოვრობენ. ეს წიგნი მისი სულიერი საზრდოა – გულწრფელი ტკივილებით, სიყვარულითა და ადამიანური განცდებით გაჯერებული. მე მის გვერდით ვარ, ზოგჯერ მკითხველის თვალით, ზოგჯერ თანამგრძნობი სულით. ჩვენი ოჯახი სწორედ ამ შემოქმედებით ერთობას ემყარება – სიტყვით ვაშენებთ სიყვარულს, ლექსით ვსუნთქავთ და ერთმანეთს პოეზიით ვაცოცხლებთ.
– მრავალი რეგალიის და ჯილდოს მფლობელი ხართ. რომელი უფრო გეძვირფასებათ?
– თითოეული მათგანი ჩემთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, თუმცა, განსაკუთრებით გამოვარჩევ საქართველოში მიღებულ ჯილდოს: 2022 წელს გავხდი „პერსონა“. ეს იყო უდიდესი ბედნიერება – თავად ჩამოვედი საქართველოში და პირადად გადმომეცა ეს აღიარება.
განსაკუთრებულად ძვირფასია ჩემთვის სტამბოლში მიღებული ჯილდოც – „Feimin İstanbul“. სტამბოლის ყოველწლიურ ფესტივალში მონაწილეობენ პოეტი ქალები ევროპის და აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან. თითოეული მათგანი კითხულობს ლექსს საკუთარ ენაზე, რომელიც შემდეგ ითარგმნება თურქულად და იბეჭდება ერთ საერთო წიგნად. ეს წიგნი, ჯილდოსთან ერთად, მეც გადმომეცა. ჩემთვის ეს იყო უდიდესი ემოცია – მივიღე მოწვევა საქართველოდან როგორც პოეტმა, წავიკითხე ლექსი ქალზე და სცენაზე წარვდექი ქართული ნაციონალური ტანსაცმლით.
ამ განცდას სიტყვებით ვერ აღვწერ. მოხარული ვარ, რომ წელსაც მიწვეული ვარ ამავე ფესტივალზე, რომელიც მერვედ ტარდება სტამბოლში – დარწმუნებული ვარ, ამჯერადაც განსაკუთრებულ ემოციებს მაჩუქებს.
ასევე აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჯილდო – „წლის საუკეთესო ხელოვანი“. ეს ტიტული მივიღე სტამბოლში გამართულ ხელოვნების დიდ ზეიმზე, სადაც აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან იყვნენ მოწვეული შემოქმედნი. ეს დღე ჩემთვის კვლავაც განსაკუთრებულად ნათელ მოგონებად რჩება – უცხო მიწაზე მიღებული აღიარება სულ სხვა ბედნიერებაა.
– გამორჩეულია თქვენი საქმიანობა ორი ერის ლიტერატურული ურთიერთობების განვითარებაში… აპირებთ წიგნის გამოცემას თურქეთში მოღვაწე თურქეთელ ქართველებზე, რომლებმაც შემოინახეს ქართული ენა, დამწერლობა და კულტურა...
– ვწერ იმ გამორჩეულ ადამიანებზე, რომლებმაც უცხო მიწაზეც კი შეძლეს ქართული კულტურის, ადათ-წესებისა და ისტორიის შენარჩუნება. მჯერა, სადაც არ უნდა წახვიდე და რომელ ქვეყანაშიც არ უნდა იცხოვრო, არასოდეს უნდა დაივიწყო, ვინ ხარ, საიდან მოდიხარ და რა გევალება შენი სამშობლოს წინაშე. თითოეულ ჩვენგანს გვმართებს, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ემსახუროს სამშობლოს. ეს საქმე ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა – ყოველი რესპონდენტის ისტორია სავსეა ემოციით, სიამაყითა და ნოსტალგიით. ხშირად ისეთი ცხოვრებისეული ეპიზოდები მხვდება, რომლებსაც საოცარი ძალა აქვს – ქართული ენის, კულტურისა და ტრადიციების მიმართ უსაზღვრო სიყვარულითაა გამსჭვალული. ბედნიერი ვარ, რომ ამ ემოციებს ვუზიარებ მკითხველს.
ჯერჯერობით ისტორიებს სოციალურ ქსელზე ვაქვეყნებ, ჩემს პირად გვერდზე, სადაც მათ ბევრი ქართველი ეცნობა. მოგვიანებით კი ვგეგმავ ამ ყველაფრის წიგნად გამოცემას. უკვე ოცი რესპონდენტის ამბავი მაქვს აღწერილი, თუმცა წინ კიდევ მრავალი საინტერესო ისტორია მელის. მიუხედავად ცხოვრების დატვირთული რიტმისა, ნელ-ნელა, სიყვარულით მივიწევ წინ. დარწმუნებული ვარ, მალე ქართველი მკითხველი ერთ წიგნად შეკრულ ეთნიკურ ქართველთა ისტორიებს ქართულ ენაზე იხილავს – ისტორიებს, რომლებიც გულიდან მოდის და გულამდე აღწევს.– მალე გამოვა ლექსების მეორე კრებული. რა შეიცვალა პირველი კრებულიდან მეორე კრებულის გამოცემამდე. ვგულისხმობ სათქმელს…
– ბოლო დროს ჩემი ლექსების სტილი ნელ-ნელა თავისუფალი პოეზიისკენ გადაიხარა. თითქოს ამ ფორმამ მეტი სუნთქვა, გულწრფელობა და სიღრმე შემძინა, თუმცა რითმიანი ლექსები მაინც ჩემთვის განსაკუთრებულია – მათში მუსიკა, ტკივილი და სითბო ერთად ბუდობს. მართლაც, ერთი სული მაქვს, როგორც პირველ კრებულს ველოდი, ისე ველი მეორე წიგნის დაბადებას – ის ჩემთვის უკვე ცოცხალი არსებაა, ემოციებითა და სითბოთი სავსე. ჩემი ლექსები შვილებივით მიყვარს – სათუთად მოვეფერები თითოეულს, რადგან ყველანი გულიდან არიან დაბადებულნი.– ოჯახი…
– ოჯახი ჩემთვის ცხოვრების არსია – ჩემი სიმტკიცე და ჩემი სიხარული. მყავს მეუღლე, ორი შვილი – ქალიშვილი და ვაჟი, ორივე დაოჯახებულია. რუსკა და აკო – ჩემი უმშვენიერესი რძალი და სიძე, ისეთივე ძვირფასნი არიან ჩემთვის, როგორც ჩემი შვილები. ხოლო ჩემი ორი შვილიშვილი – დანი და სანი – ჩემი სამყაროს ნათელი წერტილები არიან. ისინი ყოველდღიურად მილამაზებენ სიცოცხლეს, მაძლევენ ენერგიას, სიხარულს და სიყვარულს, რომელიც ყველაფერს ფერად აქცევს.
– ჰობი…
– ჰობი: ხელსაქმე ჩემთვის სულის სიმშვიდეა. მიყვარს კერვა – თითოეული ნაკერი თითქოს ჩემი ფიქრის გაგრძელებაა. სიამოვნებას მანიჭებს ქსოვა, თუმცა ბოლო დროს მხედველობა ოდნავ შემიმცირდა და ამიტომ ნაკლებად ვქსოვ. განსაკუთრებით კი გულით მიყვარს ქარგვა – ეს ჩემთვის არა მხოლოდ ჰობი, არამედ სულიერი თავშესაფარია. ყოველი ნაქარგი ჩემში ჩადებული სითბოსა და სიყვარულის ნაწილია, და როცა მათ ვუყურებ, თითქოს ჩემი ცხოვრების ფერებს ვხედავ.
– ახლახან იმყოფებოდით ანკარაში ქართული კულტურის დღეებზე, რომლებიც წარმატებით ჩატარდა. რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდით?
– ანკარაში ქართული კულტურის დღეების ფესტივალი გაიმართა ახლად დანიშნული საქართველოს ელჩის თურქეთში, ბატონი არჩილ კალანდიასა და საქართველოს კულტურის სამინისტროს ერთობლივი მხარდაჭერით. ფესტივალში მონაწილეობდნენ როგორც საქართველოდან ჩამოსული ცნობილი ანსამბლი „ერისიონი“, ასევე თურქეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიერ შექმნილი ჯგუფები, მათ შორის ანსამბლი „ალილო“. ფესტივალის ფარგლებში გამოფენილი იყო ქართული ტრადიციული სამოსი და უძველესი სამკაულები, რომლებიც საოცრად ასახავდნენ ჩვენი კულტურის სილამაზესა და სიღრმეს.
განსაკუთრებული მადლიერება მინდა გამოვხატო ჩვენს ელჩისადმი ასეთი ლამაზი და ემოციური დღის შექმნისთვის. დარბაზი სავსე იყო – „ერისიონის“ გამოსვლისას ჰაერი სუნთქვას იკავებდა, ემოცია აღწერას არ ექვემდებარება. სცენაზე თითქოს დაფრინავდნენ – ეს იყო ფანტაზიური სანახაობა, ცეცხლი და სული ერთდროულად. მაყურებლის მქუხარე ტაში თითქმის 15-20 წუთის განმავლობაში არ წყდებოდა. ეს იყო წამები, რომელიც მარად მახსოვრობაში დარჩება.
ფესტივალი ორ დღეს გაგრძელდა, და ის შთაბეჭდილებები, რაც იქ მივიღეთ, დიდი ხნით გამოგვყვა – ემოციით, სიამაყით და სიყვარულით სავსე ქართული სულით.
თამარ შაიშმელაშვილი