“ჩვენ გვყავს საკმაოდ სერიოზული და პრინციპული ხელისუფლება, განსაკუთრებით – ეროვნულ ინტერესებსა და ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ტრადიციულ, ჩვენს კულტურულ ღირებულებებს ეხება” – ნიკოლეიშვილი
“ჩვენ გვყავს საკმაოდ სერიოზული და პრინციპული ხელისუფლება, განსაკუთრებით – ეროვნულ ინტერესებსა და ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ტრადიციულ, ჩვენს კულტურულ ღირებულებებს ეხება”, – ამის შესახებ გადაცემაში „EURO ანატომია“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ანალიტიკოსმა ლევან ნიკოლეიშვილმა ისაუბრა.
„სამი ქვეყანა რომ ავიღოთ – უკრაინა, მოლდოვის და საქართველო, ხშირად ადარებენ ისინი ხოლმე ჩვენ ქვეყნებს. მოლდოვასა და უკრაინასთან მიმართებით, შეიძლება ითქვას, ისინი უფრო ადვილად განახორციელებენ ამ საკითხებს, ვინაიდან ყურმოჭრილი და მონური მორჩილების მქონე ხელისუფლებები და ყველაფერზე წამსვლელები არიან. საქართველოსთან მიმართებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ გვყავს საკმაოდ სერიოზული და პრინციპული ხელისუფლება, განსაკუთრებით ეროვნულ ინტერესებთან და ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ტრადიციულ, ჩვენ კულტურულ ღირებულებებს ეხება.
აქედან გამომდინარე, თუკი ასეთ ალტერნატივას დაუყენებენ საქართველოს, ღრმად მწამს იმის, რომ ხელისუფლება ასე მარტივად არ დანებდება არანაირად. ყოველთვის გაითვალისწინებს იმას, რაც არის ქვეყნის ინტერესებში, ეროვნულ ინტერესებში და რაც რეალურად საზოგადოების ინტერესებშია.
ჩვენ ის ქვეყანა ვართ და აქ თამამები უნდა ვიყოთ, რომ არამარტო ქართველებზეა აქ საუბარი, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა, მიუხედავად მათი ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა – ქართველები არიან, სომხები, აზერბაიჯანელები თუ სხვა, მაინც მენტალურად ერთნაირად ვაზროვნებთ. სწორედ ასეთ საზოგადოებასთან ბრძოლა არის ძალიან ძნელი. ეს, ერთი მხრივ, უნდა იცოდნენ ევრობიუროკრატებმა, მაგრამ მათ თუ არ იციან, საქართველოს ხელისუფლებამ იცის ძალიან კარგად და ითვალისწინებს ამას. ითვალისწინებს ისე, როგორც უნდა ითვალისწინებდეს ნებისმიერი ხელისუფლება საზოგადოების განწყობას, სურვილებს, მოთხოვნილებას და ინტერესებს“, – აღნიშნა ნიკოლეიშვილმა.