ქუთაისში ევროპის დღისადმი მიძღვნილი ორდღიანი ღონისძიება დასრულდა

ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები, რომლებიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის კულტურულ და საგანმანათლებლო კავშირებს უსვამდა ხაზს, ქუთაისში მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. სხვადასხვა ადგილას გამართულმა მრავალფეროვანმა ღონისძიებებმა უამრავი ადამიანი მოიზიდა. ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღე დაიწყო საფეხმავლო ტურით „ევროპული ქუთაისი“, რომელმაც მონაწილეებს ქალაქის ევროპული მემკვიდრეობისა და გავლენის აღმოჩენის საშუალება მისცა. მისი დასრულების შემდეგ, მსურველებმა რესტორან ,,დებში” ევროკავშირის სხვადასხვა წევრი ქვეყნის მდიდარი გასტრონომია დააგემოვნეს.

“მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო საგანმანათლებლო აქტივობებს,  განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. სკოლა „პროგრესში“ მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა ინტელექტუალურ თამაშში „წიგნების თარო“, ასევე ჩაერთნენ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სხვადასხვა პროექტების მიერ შემუშავებულ ინტერაქტიულ და საგანმანათლებლო თამაშებში.

„წიგნების თაობამ“ უმასპინძლა შემოქმედებით აქტივობებს, სადაც ევროკავშირის რამდენიმე ელჩმა ბავშვებს ევროპული ლიტერატურის საყვარელი საბავშვო პერსონაჟების ისტორიები მოუთხრო. ამან ბავშვებს ევროპულ კულტურასა და იდეალებთან გაცნობის საინტერესო და სასიამოვნო შესაძლებლობა მისცა.

ევროპის დღე ქუთაისში დასრულდა Mechanical Rainbow და Will Kolak-ის კონცერტით, რომელმაც ევროპის დღეზე დამსწრეებს მოუყარა თავი და  ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის ერთად აღნიშვნის საშუალება მისცა.

ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ:

ოცდაათ წელიწადზე მეტია, რაც ევროკავშირი საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას ინარჩუნებს და ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების და ფინანსური მხარდაჭერის გზით. 2023 წლის დეკემბერში საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭა.

ევროკავშირი საქართველოს უდიდესი საერთაშორისო დონორია. ევროკავშირის მიერ, პარტნიორებისთვის ერთ სულ მოსახლეზე გაწეული დახმარების მაჩვენებელი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

ამჟამად, ევროკავშირი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც ორიენტირებულია მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის დანერგვაზე და, ამავდროულად, პატივს სცემს და ხელს უწყობს

საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის, ტრადიციებისა და კულტურის პოპულარიზაციას.

საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებს შორის თანამშრომლობა ადამიანებს ციფრული და სოციალური კავშირების დამყარებაში, უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა და საკუთარი ცხოვრების გამრავალფეროვნებაში ეხმარება,”- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები