საქართველოს ეროვნული ბანკისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით პროექტი – „ქართული ფულის თავგადასავალი – 30 ამბავი“ შეიქმნა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში მოკლემეტრაჟიანი სამეცნიერო-პოპულარული დოკუმენტური ფილმების ციკლის – „ქართული ფულის თავგადასავალი – 30 ამბავი“ – პრეზენტაციას დაესწრო.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მედიაპროექტი საქართველოს ეროვნული ბანკისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამშრომლობით შეიქმნა და ეროვნული ვალუტის – ლარის შემოღებიდან 30 წლის იუბილესა და ქართული ფულის 26 საუკუნოვან ისტორიას მიეძღვნა. ფილმების ციკლი საქართველოს ფულად-საკრედიტო სისტემისა და ეროვნული ვალუტის განვითარების დოკუმენტურ მიმოხილვას წარმოადგენს. იგი ასახავს ქართული ფულის ემისიისა და მიმოქცევის, ნუმიზმატიკური მემკვიდრეობის, საფინანსო ინსტიტუტების ჩამოყალიბებისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ძირითად ეტაპებს.
პროექტის მიზანია საქართველოს ფინანსური ისტორიის სისტემატიზაცია და მისი ფართო აუდიტორიისთვის ვიზუალურად, სამეცნიერო-პოპულარული ფორმით წარმოჩენა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ დოკუმენტური ფილმების სერია ერთ-ერთი პირველი მასშტაბური მცდელობაა, ქართული ფულის ისტორია ქრონოლოგიურად, სისტემურად და სანდო, დოკუმენტურად დადასტურებულ წყაროებზე დაყრდნობით გადმოიცეს.
„ფული მხოლოდ გადახდის საშუალება არ არის – ის ისტორიის სარკეა. თითოეულ მონეტასა და ბანკნოტში ასახულია ეპოქები, პოლიტიკური ცვლილებები, ეკონომიკური აღმავლობა და გამოწვევები, რომლებმაც საქართველო დღემდე მოიყვანა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ფინანსური განათლების განვითარებასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს, პროექტის ავტორებსა და შემოქმედებით ჯგუფს დოკუმენტური ფილმების მომზადებისთვის.
მედიაპროექტი მეცნიერების პოპულარიზაციის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სრული დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ხელმძღვანელია უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი ნინო ჭალაგანიძე, ხოლო იდეის ავტორი და შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელი – სულხან მელაძე.
ღონისძიებას ესწრებოდნენ კულტურის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროების წარმომადგენლები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, აღმასრულებელი დირექტორი და მიმართულებების ხელმძღვანელები. ასევე, ბანკი „ქართუს“ გენერალური დირექტორი ზურაბ გელენიძე, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი თინათინ ბერძენიშვილი, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და პროფესურა.