ნათია თურნავა ეკონომიკურ ფორუმში – „საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა – გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“, მონაწილეობდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა ეკონომიკურ ფორუმში – „საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობა-გამოწვევები და ახალი შესაძლებლობები“, მონაწილეობდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ფორუმის ფარგლებში გამართულ დისკუსიაზე სებ-ის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს საბანკო სექტორის მაჩვენებლებზე, რომელიც მაღალი მდგრადობითა და სწრაფი განვითარებით გამოირჩევა, რაც არაერთი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან დადებითად არის შეფასებული.

„საქართველოს ფინანსური სისტემა მაღალი გამჭვირვალობით გამოირჩევა. თუ შევხედავთ მის პარამეტრებს და შევადარებთ რეგიონის ან ევროპის ქვეყნებს, ჩვენი ბანკები არიან ერთ-ერთი ყველაზე უკეთ კაპიტალიზებული, გვაქვს ლიკვიდობის სოლიდური ბუფერები, აქტივების მაღალი ხარისხი (უმოქმედო სესხების წილი ისტორიულ მინიმუმზეა-2.5%) და ჯანსაღი მომგებიანობა, რაც მდგრადობის ფუნდამენტური წინაპირობაა. მიმდინარე მდგომარეობით აქტივები 108 მლრდ ლარს აჭარბებს, რაც მშპ-ს 100%-ზე მეტია. ძლიერია საკრედიტო აქტივობაც, ხოლო ანაბრების მოცულობამ თითქმის 70 მლრდ ლარის ექვივალენტს მიაღწია. ნიშანდობლივია, რომ მათ შორის საშუალოდ 20%-25% არარეზიდენტები არიან, რომლებიც ქართულ ბანკებს არჩევენ დანაზოგებისთვის, რაც ისტორიულად მაღალი მაჩვენებელია. ცხადია, ამ შედეგს ქვეყანაში არსებული სტაბილური მაკროეკონომიკური გარემო და ასევე სებ-ის სწორი, ეფექტიანი და დაბალანსებული პოლიტიკა განაპირობებს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საბანკო სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ გლობალური ტურბულენტობა, მათ შორის რეგიონშიც საბანკო სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. მისივე თქმით, ყურადსაღებია ასევე ფინანსურ დოლარიზაციასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ბანკების რეგიონული გაფართოების აუცილებლობას. მისი შეფასებით, რეგიონულ ბაზრებზე გასვლა ქართულ საბანკო სექტორს შესაძლებლობას აძლევს გააფართოოს მომხმარებელთა ბაზა, მოახდინოს შემოსავლების წყაროების დივერსიფიკაცია და შეამციროს მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე დამოკიდებულება.

„ბოლო წლებში საქართველომ რეგიონში ტექნოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ფინანსური სისტემა ჩამოაყალიბა. აღნიშნული დასტურდება იმით, რომ წამყვანი ქართული საბანკო ჯგუფები სულ უფრო აქტიურად აფართოებენ საქმიანობას რეგიონულ ბაზრებზე. ეს პროცესი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცალკეული ბანკებისთვის, არამედ საქართველოს ფინანსური სექტორის საერთაშორისო პოზიციონირებისთვისაც. ქართული ბანკების წარმატებული რეგიონული გაფართოება აძლიერებს ქვეყნის, როგორც ფინანსური სერვისების ჰაბის რეპუტაციას. ამასთან, იგი ხელს უწყობს რეგიონში ფინანსური კავშირების გაღრმავებასა და საქართველოს ეკონომიკის უფრო მჭიდრო ინტეგრაციას რეგიონულ ბაზრებთან“, – დასძინა ნათია თურნავამ.

პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ Lion Finance Group-ის აღმასრულებელი დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე და საქართველოსა და სომხეთში Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი დავით ზღუდაძე. ღონისძიების მოდერატორი „ბიზნეს ინსაიდერი საქართველოს“ და „საქართველოს ეკონომიკური ფორუმის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი იყო.

დისკუსიაში ფორუმის ფორმატში მონაწილეობდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, სხვადასხვა კომპანიის ხელმძღვანელები, დამფუძნებლები და პარტნიორები. ასევე აკადემიური და ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები