საქართველოს აეროპორტების გაერთიანება სამი დღის განმავლობაში წარმოდგენილი იყო Routes Europe 2026-ზე, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ხელშესახები პლატფორმა საავიაციო სეგმენტისთვის, რათა ჩვენ დავგეგმოთ ახალი მიმართულებები, შევხვდეთ საქართველოში მფრინავ ავიაკომპანიებს, ახალ ავიაკომპანიებს, დავგეგმოთ საქართველოში ახალი ავიამიმოსვლა, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ გენერალურმა დირექტორმა, ლევან მოსეშვილმა. მისი თქმით, ფორუმზე ჯამში 65-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი.
მისივე თქმით, მსგავსი ტიპის ღონისძიებები საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლის საწინდარია.
„45-ზე მეტი შეხვედრა გვქონდა და დავგეგმეთ როგორც ახალი მიმართულებები, ასევე უკვე არსებული მიმართულებების გაზრდა, ხელშეწყობა ავიაკომპანიებისთვის და გვინდა, რომ საავიაციო სეგმენტი საქართველოში გავაძლიეროთ.
კომპანიებთან შეხვედრებზე წარვადგინეთ საქართველოს მზარდი მგზავრთნაკადი, ტურისტული ნაკადების ზრდა, ვაჩვენეთ საქართველოს პოტენციალი, როგორც ტრანზიტული ქვეყნის. დაინტერესება იყო ძალიან დიდი, ბევრმა კომპანიამ გამოხატა დაინტერესება საქართველოს აეროპორტებით. პარალელურად ვპასუხობთ გამოწვევებს, მგზავრთნაკადის ზრდასთან ერთად, მაქსიმალურად ვცდილობთ მოთხოვნებთან თანხვედრაში იყოს ინფრასტრუქტურაც; ვმუშაობთ ახალი ტერმინალების მშენებლობაზე, გვინდა, რომ დაკავშირებადობა საქართველოშიც იყოს ძალიან მოქნილი. გვინდა, რომ საქართველოს პოტენციალი პოტენციურ პარტნიორებს გავაცნოთ.
მსგავსი სახის ფორუმები არის იმის საწინდარი, რომ ახალი ავიაკომპანიები შემოვიყვანოთ საქართველოს ავიაბაზარზე. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ როგორც არსებულ, ისე ახალ ავიაკომპანიებთან. იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში ვნახავთ იმ შედეგებს, რაც მივაღწიეთ ამ ფორუმზე. გვინდა, რომ მეტი ქვეყანა და ქალაქი იყოს დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის აეროპორტებთან“, – განაცხადა მოსეშვილმა.