FBI-მ ლოს-ანჯელესში დაგეგმილ ტერორისტულ თავდასხმებთან დაკავშირებით ოთხი პირი დააკავა
FBI-მ ლოს-ანჯელესში დაგეგმილ ტერორისტულ თავდასხმებთან დაკავშირებით ოთხი პირი დააკავა, – ამის შესახებ FBI-ის ხელმძღვანელმა, კეშ პატელმა განაცხადა.
მანამდე, აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა, პემ ბონდიმ განაცხადა, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ახალი წლის ღამეს კალიფორნიაში პროპალესტინური მოძრაობის მიერ დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმების სერია აღკვეთა.
„შაბათ-კვირის განმავლობაში, FBI-მ პოტენციური ტერორისტული საფრთხე აღკვეთა და ლოს-ანჯელესთან დაკავშირებული ოთხი პირი დააკავა. მათ თავი რადიკალური Turtle Island Liberation Front-ის (TILF) წევრებად წარმოადგინეს, რომელიც პროპალესტინური, ანტისამთავრობო იდეოლოგიით მოტივირებული ექსტრემისტული ჯგუფია. სავარაუდოდ, ისინი ახალი წლის ღამეს ლოს-ანჯელესის ხუთ სხვადასხვა ადგილას კოორდინირებული თვითნაკეთი ბომბებით თავდასხმებს გეგმავდნენ“, – დაწერა პატელმა სოციალურ ქსელში.