ტრამპი: შეთანხმება, რომლის დადებასაც ირანთან ვაპირებთ, გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე ობამას მიერ 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმება იყო

President of the United States Donald Trump speaking at the 2025 Conservative Political Action Conference (CPAC) at the Gaylord National Resort & Convention Center in National Harbor, Maryland. Please attribute to Gage Skidmore

შეთანხმება, რომლის დადებასაც ირანთან ვაპირებთ, გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე JCPOA, რომელსაც ხშირად „ირანის ბირთვულ შეთანხმებას“ უწოდებენ და რომელიც ბარაკ ჰუსეინ ობამამ და მძინარე ჯო ბაიდენმა დაწერეს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გარიგებაა, რაც კი ოდესმე დადებულა ამერიკის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

„შეთანხმება, რომლის დადებასაც ირანთან ვაპირებთ, გაცილებით უკეთესი იქნება, ვიდრე JCPOA, რომელსაც ხშირად „ირანის ბირთვულ შეთანხმებას“ უწოდებენ და რომელიც ბარაკ ჰუსეინ ობამამ და მძინარე ჯო ბაიდენმა დაწერეს. ეს ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გარიგებაა, რაც კი ოდესმე დადებულა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ეს იყო გარანტირებული გზა ბირთვული იარაღისკენ, რაც არ მოხდება და არც შეიძლება მოხდეს იმ შეთანხმებით, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ.

სინამდვილეში, მათ 1.7 მილიარდი დოლარი „მწვანე“ ნაღდი ფული გასცეს, რომელიც Boeing 757-ში ჩატვირთეს და ირანში გაგზავნეს, რათა ირანის ხელმძღვანელობას ისე დაეხარჯა, როგორც საჭიროდ ჩათვლიდა. მან მთელი ნაღდი ფული ვაშინგტონის, ვირჯინიისა და მერილენდის ბანკებიდან გაიტანა. ამ ბანკირებმა თქვეს, რომ მსგავსი რამ აქამდე არასდროს უნახავთ. გარდა ამისა, ირანს ასობით მილიარდი დოლარი გადაუხადეს. მე რომ ეს „შეთანხმება“ არ შემეწყვიტა, ბირთვულ იარაღს ისრაელის და მთელ ახლო აღმოსავლეთის წინააღმდეგ, მათ შორის ჩვენი ძვირფასი აშშ-ის სამხედრო ბაზების წინააღმდეგ გამოიყენებდნენ. ყალბი ამბების მედიას, როგორიცაა „ვაშინგტონ პოსტის“ დაბალი დონის „ჟურნალისტი“ დევიდ იგნატიუსი, უყვარს JCPOA-ზე საუბარი, რადგან იციან, რომ ის საშიში და ჩვენი ქვეყნისთვის სრული უხერხულობა იყო.

თუ შეთანხმება „ტრამპის“ დროს მიიღწევა, ეს უზრუნველყოფს მშვიდობის, უსაფრთხოებისა და დაცულობის გარანტიას არა მხოლოდ ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთისთვის, არამედ ევროპისთვის, ამერიკისთვის,  ყველასთვის. ეს იქნება ის, რითაც მთელი მსოფლიო იამაყებს, იმ უხერხულობისა და დამცირების წლების ნაცვლად, რომელთა ატანაც არაკომპეტენტური და მშიშარა ლიდერობის გამო მოგვიწია!“, – წერს ტრამპი Truth Social-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები