„საქართველოს სინფონიეტა“, სამხრეთ ამერიკის მასშტაბური ტურნეს წინ, თბილისსა და გურჯაანში კონცერტებს გამართავს
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“ სამხრეთ ამერიკის მასშტაბური ტურნეს წინ, თბილისსა და გურჯაანში, კონცერტებს გამართავს.
როგორც „კვირას „საქართველოს სინფონიეტას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თეა მუქერიამ აცნობა, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ ახალ საკონცერტო სეზონს მნიშვნელოვანი სიახლეებითა და საერთაშორისო აღიარებით აგრძელებს.
„საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, ორკესტრმა შეიძინა მსოფლიოში სახელგანთქმული კრემონელი ოსტატების მიერ დამზადებული ახალი იტალიური სიმებიანი ინსტრუმენტები. სწორედ ამ უნიკალური ინსტრუმენტების პრეზენტაციასა და სამხრეთ ამერიკის დიდ საკონცერტო ტურნეს ეძღვნება ორკესტრის უახლოესი გამოსვლები, რომლებიც 23 აპრილს გურჯაანის კულტურის ცენტრში, ხოლო 24 აპრილს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება. კონცერტის წინ, 18:30 საათზე, მსმენელს შესაძლებლობა ექნება, ახლოს გაეცნოს ახალ ინსტრუმენტებს, 19:00 საათიდან კი, კანადელი დირიჟორის, მაესტრო ნურჰან არმანის ხელმძღვანელობით, ორკესტრი ა. ვივალდის, ვ.ა. მოცარტის, ე. ელგარის, დ. შოსტაკოვიჩისა და ს. ნასიძის ნაწარმოებებს შეასრულებს.
აღსანიშნავია, რომ თბილისის საღამო იქნება ორკესტრის ბოლო გამოსვლა საქართველოში ახალ საკონცერტო სეზონამდე, რადგან საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, 9 მაისიდან 24 მაისამდე, „საქართველოს სინფონიეტა“ სამხრეთ ამერიკაში მასშტაბურ ტურნეზე მიემგზავრება. ეს გახლავთ ისტორიული მოვლენა, რადგან ქართული ორკესტრი პირველად ესტუმრება ბრაზილიასა და არგენტინას. ორი კვირის განმავლობაში ორკესტრი ბრაზილიასა და არგენტინაში 9 კონცერტს გამართავს და წარდგება ლათინური ამერიკის ისეთ პრესტიჟულ სცენებზე, როგორიცაა რიო-დე-ჟანეიროსა და ბუენოს-აირესის წამყვანი საკონცერტო დარბაზები, მათ შორის ლეგენდარული Teatro Colónბუენოს-აირესში. აღნიშნული ტურნე ქართული საშემსრულებლო ხელოვნების პოპულარიზაციისა და ქვეყნის საერთაშორისო კულტურული დიპლომატიის განმტკიცების უპრეცედენტო შესაძლებლობაა“, – აღნიშნა თეა მუქერიამ.