სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან ერთად „ბიოქიმფარმის“ საწარმოს ეწვია

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტთან ანტონიო კამპინოსთან ერთად ბიოტექნოლოგიურ კომპანია „ბიოქიმფარმს“ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციამ დაათვალიერა საწარმოში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესები. წარმოების ორგანიზებისა და ხარისხის მართვის მექანიზმების შესახებ ინფორმაცია სტუმრებს „ბიოქიმფარმის“ მმართველმა პარტნიორმა რატი ღოლიჯაშვილმა გააცნო.

„ბიოქიმფარმი“ ერთადერთი ქართული ბიოტექნოლოგიური კომპანიაა, რომელსაც ამ სფეროში ევროპული პატენტი აქვს მიღებული. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფაგოთერაპიის მრავალწლიანი ტრადიცია გააჩნია. მდიდარი სამეცნიერო გამოცდილება და უწყვეტი კვლევითი საქმიანობა, დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბაქტერიოფაგიის მიმართულებით საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში. ამ მხრივ, ქვეყანა ინარჩუნებს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას როგორც ფუნდამენტური კვლევების, ისე პრაქტიკული სამედიცინო გამოყენების კუთხით.

„ბიოქიმფარმი“ ამ სახელწოდებით ფაგური პრეპარატების წარმოებისა და კომერციალიზაციის მნიშვნელოვან ცენტრად 1999 წელს ჩამოყალიბდა. „ბიოქიმფარმის“ საწარმო გამოირჩევა მაღალი ხარისხის სტანდარტების დანერგვით, ინოვაციური პროდუქციის შექმნითა და საერთაშორისო აღიარებით, რაც განაპირობებს მის მნიშვნელოვან წვლილს ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესებაში როგორც სამეცნიერო, ისე ეკონომიკური განვითარების კუთხით. აღსანიშნავია, რომ ევროპის საპატენტო უწყებას გაცემული აქვს პატენტი EP 3810162 B1 კომპანიის გამოგონებაზე „კუჭ-ნაწლავის ინფექციების საწინააღმდეგო ანტიმიკრობული შემადგენლობა და მისი გამოყენება“. ანტიმიკრობულ შემადგენლობაში შემავალი ბაქტერიოფაგები კი დეპონირებულია საპატენტო პროცედურის მიზნებისათვის მიკროორგანიზმთა დეპონირების საერთაშორისო აღიარების შესახებ ბუდაპეშტის ხელშეკრულების შესაბამისად.

აღსანიშნავია, რომ ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტმა ანტონიო კამპინოსმა, დელეგაციასთან ერთად, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მიიღო საქპატენტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში „კვლევებიდან შედეგებამდე – პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები