მედია: “ჰამასი” ძალაუფლების დათმობისა და განიარაღების მზადყოფნის შესახებ აცხადებს
პალესტინურმა მოძრაობა „ჰამასმა“ ღაზას სექტორში ძალაუფლების სრული გადაცემისთვის ყველა მზადება დაასრულა და განიარაღებისთვის მზადაა, – აღნიშნულის შესახებ „ნიუ-იორკ ტაიმსი“ „ჰამასის“ პოლიტიკური ხელმძღვანელობის ორ წარმომადგენელზე დაყრდნობით იტყობინება.
ღაზის სექტორის სამართავად პალესტინის ტექნოკრატიული კომიტეტის შექმნის შესახებ 14 იანვარს გამოცხადდა, აშშ-ის სამშვიდობო გეგმის მეორე ფაზის დაწყებასთან ერთად. არაბული მედიის ცნობით, კომიტეტის წევრები ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში რჩებიან.
გაზეთის ცნობით, ამის ერთადერთი დაბრკოლება თავად ღაზას სექტორში ახალი ადმინისტრაციის არარსებობაა: ის ამჟამად კაიროდან მოქმედებს.
წყაროების ცნობით, “ჰამასი” არ ითხოვს ახალ ადმინისტრაციაში წარმომადგენლობას, თუმცა მოძრაობა აპირებს გააგრძელოს პალესტინის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა და ისრაელის წინააღმდეგობის გაწევა მანამ, სანამ დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფო არ შეიქმნება.
გარდა ამისა, ოფიციალურმა პირებმა აღნიშნეს, რომ ძალაუფლების გადაცემის მოლოდინში, ყველა ახალი დანიშვნა და დაწინაურება შეჩერებულია.
„ჰამასი მზადაა, დათმოს ათასობით ავტომატური შაშხანა და სხვა იარაღი, რომლებიც მისი პოლიციისა და სხვა შიდა უსაფრთხოების ძალებს ეკუთვნის“, – იტყობინება New York Times-ი.