საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტი ეწვია
საქართველოს ევროპის საპატენტო უწყების (EPO) პრეზიდენტი ანტონიო კამპინოსი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, EPO-ს პრეზიდენტი მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში „კვლევებიდან შედეგებამდე – პატენტების როლი ტექნოლოგიების გადაცემაში“, რომელიც საქპატენტის ორგანიზებით სასტუმროში „პარაგრაფი თავისუფლების მოედანზე“ იმართება.
კონფერენცია ეძღვნება სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის შედეგების რეალურ პროდუქტებად გარდაქმნის შესაძლებლობებსა და თანამედროვე ეკონომიკაში ცოდნის შეუცვლელ როლს. პატენტი კი როგორც ინტელექტუალური საკუთრების ობიექტი განიხილება სტრატეგიულ ინსტრუმენტად, რომელიც აკავშირებს ცოდნას ეკონომიკურ ღირებულებასთან, ხელს უწყობს ინოვაციების კომერციალიზაციას და ქმნის უსაფრთხო გარემოს ინვესტიციებისთვის.
თბილისის კონფერენცია აერთიანებს სახელმწიფო უწყებებს, აკადემიურ სექტორსა და საერთაშორისო პარტნიორებს ინოვაციების ეკოსისტემის განვითარების საკითხების განსახილველად. კონფერენციის მონაწილეები მსჯელობენ უნივერსიტეტებისა და კვლევითი ცენტრების მნიშვნელობაზე ინოვაციების განვითარებაში, შესაბამისი პროფესიული უნარების განვითარებაზე, ინოვაციების ეკოსისტემის გაძლიერებაზე და ტექნოლოგიების გადაცემის მექანიზმებზე. ცხადია, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პატენტებს, როგორც სამართლებრივი დაცვის ინსტრუმენტსა და შესაძლებლობას, რომელიც ამცირებს კომერციულ რისკებს და აუმჯობესებს ტექნოლოგიის კომერციული გამოყენების პროგნოზს.
კონფერენცია ოფიციალურად გახსნა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქართველოში არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებზე. ინოვაციური ეკოსისტემის განვითარებაზე, სამეცნიერო-კვლევითი პოლიტიკის ძირითად პრიორიტეტებსა და აკადემიური კომპონენტის როლზე ქვეყნის განვითარებაში ისაუბრეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა. ანტონიო კამპინოსმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო თანამშრომლობის როლზე და საქართველოში ევროპული პატენტების ვალიდაციის სისტემის ამოქმედების მნიშვნელობაზე, ასევე საქართველოსთან, როგორც პარტნიორ ქვეყანასთან, ურთიერთობის გაღრმავებასა და სამომავლო გეგმებზე. საპატენტო საქმიანობის გაძლიერებასა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თანამედროვე მექანიზმებზე ისაუბრა საქპატენტის თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ.
კონფერენციის მეორე ნაწილი დაეთმობა პანელურ დისკუსიებს ორი ძირითადი თემატური მიმართულებით, სადაც მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი დარგის წამყვანი ექსპერტები და აკადემიური, თუ ინსტიტუციური სფეროს ლიდერები. უნივერსიტეტების როლზე ინოვაციის ეკოსისტემაში და ინოვაციებზე, როგორც ეკონომიკის მამოძრავებელ ძალაზე, ისაუბრებენ ევროპის საპატენტო უწყების (EPO) აკადემიის მთავარი დირექტორი ხავიერ სეუბა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი ერეკლე ასტახიშვილი, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ცაგარელი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ტიტე აროშიძე და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი სოფიო ბახტაძე. მეორე პანელის დისკუსიაში კი ჩაერთვებიან ევროპის საპატენტო უწყების (EPO) საერთაშორისო ურთიერთობების ადმინისტრატორი ანტუან რეტი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე, ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და სს „ბიოქიმფარმის“ მმართველი პარტნიორი რატი ღოლიჯაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ანტონიო კამპინოსის ვიზიტს წინ უძღოდა საქართველოს მიერ ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში (EPO) ევროპის საპატენტო კონვენციასთან მიერთების შესახებ ოფიციალური მიმართვის გაგზავნა, რაც ჩვენი ქვეყნისთვის სრულფასოვანი წევრობის პერსპექტივას გულისხმობს. ამ ნაბიჯამდე საქართველოში ამოქმედდა ევროპული პატენტების ვალიდაციის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ევროპული პატენტების სამართლებრივ აღიარებას.