აშშ-ში, ლუიზიანას შტატში, იარაღით თავდასხმას რვა ბავშვი ემსხვერპლა. სკოლას თავს არმიის ვეტერანი, შამარ ელკინსი დაესხა.
„ნიუ-იორკ პოსტი“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით წერს, რომ რვა დაღუპული ბავშვიდან შვიდი თავდამსხმელის შვილი იყო.
მანამდე, ლუიზიანას შტატის პოლიციამ განაცხადა, რომ აშშ-ში, შრივპორტში სროლის შედეგად ერთიდან 14 წლამდე ასაკის რვა ბავშვი დაიღუპა. ეჭვმიტანილს პოლიციელებმა დევნის დროს ესროლეს და მოკლეს.
„კაცი, რომელმაც ლუიზიანაში რვა ბავშვს ესროლა და მოკლა, მათ შორის შვიდ საკუთარს, 31 წლის არმიის ვეტერანი იყო“, – ნათქვამია გამოცემაში.
ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, მან შვილებთან ერთად მრავალი ფოტო გამოაქვეყნა, მათ შორის აღდგომის დღესასწაულზე ეკლესიაში ერთად წასვლის ფოტოც. ერთ-ერთ პოსტში მან ღმერთს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დაძლევაში დახმარება სთხოვა.
ამერიკულმა მედიამ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2019 წლის მარტში, აშშ-ის არმიაში მსახურების დასრულებიდან სამი წლის შემდეგ, ელკინსი სკოლის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გამოყენებისა და ტარების ბრალდებით დააკავეს და 18-თვიანი პირობითი სასჯელი მიუსაჯეს.