სუს-ის ანგარიში: საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოსადმი ყურადღება ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე განსაკუთრებულია და ამ ეტაპზე ტერორისტული ორგანიზაციები საქართველოს ტერორისტული თავდასხმის ობიექტად არ განიხილავენ

“საქართველო ტერორისტული თავდასხმების თვალსაზრისით დაბალი რისკის სახელმწიფოა”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2025 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციების მხრიდან საქართველოსადმი ყურადღება ქვეყნის გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე განსაკუთრებულია და ამ ეტაპზე ტერორისტული ორგანიზაციები საქართველოს ტერორისტული თავდასხმის ობიექტად არ განიხილავენ.

„არსებული ვითარება, ტერორისტული ორგანიზაციების დღის წესრიგიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს შეიძლება, შეიცვალოს. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მუდმივ რეჟიმში ტარდებოდა სათანადო ღონისძიებები ტერორისტული საფრთხეებისადმი ქვეყნის მზადყოფნის დონის ასამაღლებლად. მიმდინარეობდა ოპერატიული, ოპერატიულ-ტექნიკური და სამძებრო ღონისძიებები. მათ შორის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ტერორიზმსა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული საფრთხეების და ტენდენციების იდენტიფიცირების მიზნით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი, ინფორმაციის დროული და ოპერატიული ურთიერთგაცვლის მიმართულებით, აქტიურად თანამშრომლობდა პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებთან და საერთაშორისო სამართალდამცავ ორგანიზაციებთან, ინტერპოლთან და ევროპოლთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ პარტნიორი ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან აქტიურად მიმდინარეობდა ტერორიზმსა და ძალადობრივ ექსტრემიზმთან დაკავშირებული ოპერატიული ხასიათის ინფორმაციის ურთიერთგაცვლა. გრძელდებოდა საქართველოს იმ მოქალაქეების და მათი ოჯახის წევრების იდენტიფიცირება, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად დაკავშირებული არიან ტერორისტულ ორგანიზაციებთან, იმყოფებიან ქვეყნის ფარგლებს გარეთ და სამომავლოდ სურთ საქართველოში დაბრუნება.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს და უშუალოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობა და მიღწეული შედეგები დადებითად შეფასდა უცხოელი პარტნიორების მიერ. ევროპულმა კომისიამ საქართველოს შესახებ ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის თაობაზე 2025 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ კომუნიკეში, რომელიც განკუთვნილი იყო ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოსთვის, დადებითად შეაფასა ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები. დოკუმენტის თანახმად, საქართველოს კონტრტერორისტული კანონმდებლობა ძირითადად შეესაბამება ევროკავშირის სტანდარტებს და შესაბამის საერთაშორისო სამართალს, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს; შექმნილია მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია; დამტკიცებულია 2022-2026 წლების ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა; საქართველო ჩართულია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო ძალისხმევაში, საქართველოს თანამშრომლობა Europol-თან, Interpol-თან, NATO-სა და გაერო-ს ანტიტერორისტულ პროგრამებთან მოხსენიებულია როგორც „აქტიური თანამშრომლობა“, – ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები