სუს-ის ანგარიში: BBC-ის სიუჟეტი საქართველოს ინტერესების დაზიანებას ემსახურებოდა, რაშიც ჩართული იყვნენ საქართველოს მოქალაქეებიც; მათი მოქმედებები ატარებდა კამპანიურ ხასიათს ქვეყნის წინააღმდეგ მტრული მიზნების მისაღწევად

“BBC-ის სიუჟეტი საქართველოს ინტერესების დაზიანებას ემსახურებოდა, რაშიც ჩართული იყვნენ საქართველოს მოქალაქეებიც – ავტორებთან ერთად. მათი მოქმედებები ატარებდა კამპანიურ ხასიათს ქვეყნის წინააღმდეგ მტრული მიზნების მისაღწევად”, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2025 წლის ანგარიშშია ნათქვამი.

ამავე დოკუმენტის თანახმად, სუს-ში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის საქმეზე როგორც BBC-ის მიერ გაკეთებულ სიუჟეტში გადმოცემულ ინფორმაციაზე, ასევე, მის საფუძველზე საქართველოში წარმოებულ კამპანიასთან დაკავშირებით.

“მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა 160-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება, გამოიკითხა 93 მოწმე, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები, ექიმები, ექსპერტები, ბრიტანული მაუწყებლის სიუჟეტის რესპონდენტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სხვა პირები. ამოღებული იყო სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია შსს-სა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტიდან. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის პირველი და მეორე სამმართველოების ბაზებიდან გამოძიებამ ამოიღო კვლევის 25 ნიმუში, რომლებზეც ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩატარდა ქიმიური ექსპერტიზა.

ხსენებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ქიმიური ფხვნილი, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეძენილი ჰქონდა და წლების განმავლობაში, მიმდინარე აქციების დროს, საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენებოდა მასების მართვისთვის, არის „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“. აღნიშნული ნივთიერება შსს-ს მიერ შეძენილია ებრაული კომპანიისგან 2007 წლის 18 დეკემბერს და 2009 წლის 27 მარტს გამხსნელ ნივთიერება „ტრიქლორეთილენთან“ ერთად. მას ტრანსპორტირებისას მინიჭებული ჰქონდა საერთაშორისო გადაზიდვის კოდი UN3439, ხოლო გამხსნელ სითხეს – გადაზიდვის კოდი UN1710. ეს კოდები ფიქსირდება საბაჟო დოკუმენტაციაში და ყველა სხვა, მათ შორის, გამოყენების შემდგომ პერიოდში შედგენილ ჩამოწერის აქტებშიც. ნიმუშის სახით ამოღებული იქნა 17.5-კილოგრამიანი კასრი, რომელშიც ხსენებული ფხვნილი ინახებოდა. მასზე დაკრული იყო ნივთიერების მომწოდებელი ორგანიზაციის მიერ დამზადებული საინფორმაციო სტიკერი, რომელზეც სხვა უამრავ მონაცემთან ერთად აღნიშნული იყო როგორც ხსენებული ნივთიერების დასახელება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, ასევე მინიჭებული საერთაშორისო ტრანსპორტირების კოდი UN3439.

გამოძიებით დადგინდა, რომ BBC-ის სიუჟეტში მოხსენიებული საერთაშორისო გადაზიდვის კოდებით – UN3439 და UN1710 შსს-ს გარდა სხვადასხვა ქართულ ორგანიზაციას, მათ შორის „ავერსი-რაციონალს“, „ჯიპისის”, „რუსთავის აზოტს“ და სხვებს, ბოლო 20 წლის განმავლობაში 606-ჯერ აქვთ შემოტანილი. ასევე, ტრანსპორტირების კოდი UN3439 507-X ტრანსპორტირების კოდი UN1710 99-ჯერ არის დაფიქსირებული საბაჟო დეპარტამენტის სააღრიცხვო ბაზებში. რაც შეეხება ნივთიერება „ბრომობენზილ ციანიდს“, იგივე „კამიტს“, ასეთი ნივთიერება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასდროს შეუძენია.

საქმეზე მოწმის სახით დაიკითხნენ ის ადამიანები, რომელთა ე.წ. დასკვნებს თუ ინფორმაციებს ეყრდნობოდა BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მომწამვლელი ქიმიური ნივთიერების გამოყენების შესახებ. გამოკითხვის დროს აბსოლუტურად ყველა მათგანმა უარყო, რომ მათი ინფორმაციები თუ დასკვნები ეხებოდა მომწამვლელ ქიმიურ ნივთიერება „კამიტს“. ე.წ. კვლევის ავტორთა განმარტებით, ისინი ვერ დაადგენდნენ „კამიტის“ გამოყენების ფაქტს იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ ამ მიმართულებით კვლევა არ უწარმოებიათ. გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოკითხული მედიცინისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლების განცხადებების მიხედვით, ნივთიერება „ბრომობენზილ ციანიდის“, ე.წ. კამიტის გამოყენება ადამიანების მიმართ იწვევს უმძიმეს და ხშირ შემთხვევაში ლეტალურ შედეგსაც კი, რის გამოც ის გასული საუკუნის 30-იან წლებში აიკრძალა.

სუს-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წლის 28 ნოემბრის შემდგომი დღეების განმავლობაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადების მიერ სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილი 54 ადამიანიდან მსუბუქი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა ხუთ პირს, რომლებიც მეორე დღესვე გაეწერნენ სამედიცინო კლინიკებიდან. გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისთვის გამოყენებულ იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი, აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას. ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის მიხედვით, გამოძიების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან ამოღებული ნივთიერებები იყო:

1. ქიმიურ ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“. 2. ქიმიური ნივთიერება – ტრიქლორეთილენი (ამ შემთხვევაში საუბარია ჩამოწერილ ნაშთზე 880 ლიტრის ოდენობით). 3. ქიმიური ნივთიერება – პროპილენგლიკოლი. გამოძიებისთვის საინტერესო პირებიდან ვერ მოხერხდა ერთადერთი მოწმის გამოკითხვა, რომლის ინფორმაციასაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა BBC-ის მიერ მომზადებული სიუჟეტის ავტორის მოსაზრებები, რომელიც ფიგურირებს 4 ოქტომბრის საქმეში და უკავშირდება ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილის შეძენა-შენახვის ფაქტს“, – ნათქვამია ანგარიშში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები