სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განმარტა ის გარემოებები, რომელთა შემთხვევაშიც სომხეთი ოფიციალურად მიმართავს ევროკავშირს სრულუფლებიანი წევრობის მისაღებად.
„არმენპრეს“-ის ცნობით, ფაშინიანმა ეს საკითხი მმართველი პარტიის, „სამოქალაქო შეთანხმების“ საარჩევნო პლატფორმის წარდგენისას წამოჭრა.
„სომხეთის რესპუბლიკა გააგრძელებს აუცილებელი რეფორმების განხორციელებას ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების შესასრულებლად, ვიდრე სრულად არ დააკმაყოფილებს ამ მოთხოვნებს. სომხეთი კრიტერიუმებს როდესაც შეასრულებს, წევრობა გახდება პოლიტიკური გადაწყვეტილების საკითხი და დამოკიდებული იმაზე, მზად იქნება თუ არა ევროკავშირი სომხეთის მისაღებად. მზად თუ იქნება, მაშინ სომხეთი შეიტანს განაცხადს სრულუფლებიან წევრობაზე, თუ არა – ზემოხსენებული რეფორმების განხორციელება მაინც სტრატეგიულ მიღწევად ჩაითვლება, რადგან სომხეთი სრულად დააკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.
ამასთან, როგორც ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან ურთიერთობებზე საუბრისას ფაშინიანმა აღნიშნა, სომხეთის ხელისუფლება აცნობიერებს, რომ შეუძლებელია, ერთდროულად იყო როგორც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის, ისე ევროკავშირის წევრი.
„თუმცა ვიდრე ევროკავშირთან დაახლოებისა და წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობისკენ მიმართული რეფორმები თავსებადია ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობასთან, სომხეთის რესპუბლიკა დარჩება ამ გაერთიანების წევრად და გააგრძელებს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას მის წევრ ქვეყნებთან“, – აღნიშნა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.