ნინო ლაცაბიძე: ანსამბლი ,,რუსთავი” კიდევ უფრო დიდი გეგმებით ბრუნდება ჩვენს ქალაქში
,,რუსთავქალაქობა-2025″-ის საზეიმო ღონისძიებები ანსამბლ ,,რუსთავის” კონცერტით დასრულდა. ინფორმაციას რუსთავის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, რუსთავის მთავარ მოედანზე ანსამბლი, მაყურების წინაშე თითქმის ორსაათიანი პროგრამით წარსდგა.
ანსამბლ ,, რუსთავის” კონცერტი, ანზორ ერქომაიშვილის 85 წლის იუბილეს მიეძღვნა და საქართველოს კულტურის სამინისტროსა და რუსთავის მერიის ორგანიზებით გაიმართა.
,,რუსთავქალაქობა-2025″-ის დასკვნითი ღონისძიება, ნიკოლოზ წულუკიძეს და გიორგი კალანდიას მიჰყავდათ.
საზეიმო კონცერტს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატი ირაკლი შატაკიშვილი, საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე მაკა გურგენიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ილია ჯალაღანია, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრები, რუსთაველებთან და ქალაქის სტუმრებთან ერთად დაესწრნენ.
ნინო ლაცაბიძის თქმით, დღევანდელ დღეს, ,,რუსთავის” გალა-კონცერტი სიმბოლურია.
,,რუსთავის მთავარ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში საოცარი განწყობა იყო. კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩვენს ქვეყანას და ჩემს ქალაქს სვეტიცხოვლობას, რუსთაველებს – ,,რუსთავქალაქობას”. დღევანდელ დღეს, ,,რუსთავის” გალა-კონცერტი სიმბოლურია, რადგან ანსამბლი კიდევ უფრო დიდი გეგმებით ბრუნდება ჩვენს ქალაქში”,- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
უახლოეს პერიოდში საქართველოს კულტურის სამინისტროს, რუსთავის მერისა და ანსამბლ ,,რუსთავს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმის თანახმად, რუსთავის კულტურის სახლში, რომლის რეაბილიტაციაც წლის ბოლომდე დასრულდება, ანსამბლ ,,რუსთავის” ერთ-ერთი შემადგენლობა დაიდებს ბინას.
მომღერალ მიხეილ ჯავახიშვილის თქმით, მნიშვნელოვანი სამომავლო ურთიერთობები დაიგეგმა.
,,ანსამბლი ,,რუსთავი” ანზორ ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით 1968 წელს სწორედ რუსთავში დაარსდა. ჩვენ, ქალაქ რუსთავთან, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი სამომავლო ურთიერთობები დავგეგმეთ, რომელიც საგანმანათლებლო მიმართულებას გულისხმობს. სიმბოლურია, რომ ანსამბლი ,,რუსთავი” წლების შემდეგ იმ ქალაქში ბრუნდება, სადაც პირველი ნაბიჯები გადადგა”, – განაცხადა მომღერალმა მიხეილ ჯავახიშვილმა.
ზემოთ აღნიშნული მემორანდუმის თანახმად, ქალაქი რუსთავი განაახლებს იმ ტრადიციულ ურთიერთობას, რომელიც ანსამბლ ,,რუსთავთან” 1968 წელს მისი დაარსებისას ჰქონდა.