მედია: ავღანეთში გოგონებისთვის ქორწინების ასაკი 16-დან 9 წლამდე შემცირდა
„თალიბანმა“ ავღანეთში გოგონებისთვის ქორწინების მინიმალური ასაკობრივი შეზღუდვა გააუქმა, რაც 9 წლის ასაკის გოგონებს ქორწინების საშუალებას აძლევს, – ამის შესახებ ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს.
ანგარიშის თანახმად, ავღანეთში მმართველმა რადიკალურმა ისლამისტურმა მოძრაობამ მამაკაცებს გოგონებზე დაქორწინების უფლება მისცა სქესობრივი მომწიფების შემდეგ — რაც, ისლამური სამართლის უდიდესი და უძველესი სუნიტური სკოლის თანახმად, შეიძლება 9 წლის ასაკიდან მოხდეს. შესაბამისი დოკუმენტი „თალიბანის“ ლიდერმა ჰიბატულა ახუნძადამ დაამტკიცა და ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა.
„თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლამდე ავღანეთში ქორწინების კანონიერი ასაკი გოგონებისთვის 16 წელი იყო, ხოლო ბიჭებისთვის – 18. 16 წლამდე ასაკის გოგონებს დაქორწინება მამის ან მოსამართლის ნებართვით შეეძლოთ. 15 წლამდე ასაკის გოგონების ქორწინება კრიმინალიზებული იყო 2009 წლის ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ კანონით.