“გადავხედოთ ირაკლი კუპრაძის ბიოგრაფიას, რა გაუკეთებია, რით აქვს დამტკიცებული, რომ შეუძლია დედაქალაქის მართვა” – ლევან მაჭავარიანი
“გადავხედოთ ირაკლი კუპრაძის ბიოგრაფიას, რა გაუკეთებია, რით აქვს დამტკიცებული, რომ შეუძლია დედაქალაქის მართვა, ამიტომ, კახა კალაძესთან კონკურენციაზე საუბარი არ არის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
„მინდა, ჩვენს საზოგადოებას შევახსენო ბატონი ხაზარაძის და გახარიას მხრიდან რამდენიმე ტყუილი წინა არჩევნებიდან მოყოლებული. ისინი თავიანთ ამომრჩეველს ატყუებდნენ, რომ თითქოს არჩევნები გაყალბებული იყო. ერთი მტკიცებულება ვერ დადეს და პირდაპირ ეთერში ბატონმა გახარიამაც და ბატონმა ხაზარაძემაც აღიარეს ხმების ის რაოდენობა, რა ხმებიც მათ ცესკო-მ დაუწერა. შემდეგ ატყუებდნენ თავიანთ ამომრჩევლებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებდნენ. როდესაც თქვეს, რომ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებდნენ, თავიანთ ამომრჩევლებს ატყუებდნენ, რომ დააყენებდნენ ნეიტრალურ, აპოლიტიკურ, უპარტიო კანდიდატს. ამ შემთხვევაში ვიხილეთ მესამე ტყუილი მათი მხრიდან.
ბატონ კუპრაძეზე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ თავიანთი ამომრჩევლისთვის ეს პირდაპირ შეურაცხყოფის მიყენებაა. მე დარწმუნებული ვარ, თავიანთი ამომრჩეველი ამას სწორად შეაფასებს. ბატონმა კუპრაძემ ვიცე-მერობის კანდიდატად დაასახელა ბატონი ელისაშვილი. ამომრჩევლისთვის ესეც შეურაცხმყოფელია იქიდან გამომდინარე, როგორი სიტყვებით ლანძღავდა ბატონი ელისაშვილი ბატონ ხაზარაძეს. შემდეგ ბატონმა ხაზარაძემ იგი თავის პარტიაში მაინც შეიკედლა. ასეთი კანდიდატების დაყენება, რა თქმა უნდა, შეურაცხმყოფელია თავიანთივე ამომრჩევლისთვის. ამომრჩეველი მათ არჩევნებზე საკადრის პასუხს გასცემს“, – განაცხადა მაჭავარიანმა.