„დღეს ფლორენცია განთიადს პალაცო ვეკკიოს ზარების რეკვით შეხვდა“…
11 აგვისტო ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ფლორენციის ისტორიაში. 1944 წლის 11 აგვისტოს, მეორე მსოფლიო ომის დროს, გერმანელმა სამხედრო ძალებმა საბოლოოდ დატოვეს ფლორენცია, რომელიც 1943 წლიდან ჰქონდათ ოკუპირებული. – ინფორმაციას სოციალურ ქსელში ქართველი ემიგრანტი მაყვალა რაზმაძე ავრცელებს.

„როდესაც გერმანელები გაიქცნენ, პალაცო ვეკკიოს ზარებმა საზეიმო რეკვა დაიწყეს ქალაქის განთავისუფლების აღსანიშნავად, მას აჰყვა ყველა ტაძრის სამრეკლო და თვით ბარჯელოს სამრეკლოც კი, რომელიც მხოლოდ 100 წელიწადში ერთხელ რეკავს, ან მსგავს განსაკუთრებულ შემთხვევაში.

ბარჯელო იყო პოდესტას (მთავარი სამართალდამცველის) რეზიდენცია და ციხე. მის სამრეკლოს ჰქონდა დამაშინებელი ფუნქციაც, ფლორენციის მცხოვრებნი კარგად ცნობდნენ მის ხმას და იცოდნენ რომ ის „ცუდ” ამბებს მოასწავლებდა . მისი სამრეკლოს შუა საუკუნეების ზარს სახელად Montanina- ს რეკვა ასოცირდებოდა სიკვდილით დასჯასთან, სასამართლო პროცესებთან, დამსჯელ ღონისძიებებთან …ამიტომ მისი ხმა ძალიან მძიმე და მკაცრი ასოციაციებით იყო დატვირთული. დროთა განმავლობაში საზოგადოების აღქმა შეიცვალა, 1865 წლიდან ბარჯელოსაც მუზეუმის ფუნქცია მიეცა და ჩამოყალიბდა ტრადიცია, რომ ზარს მხოლოდ ასწლეულის დაწყების წინ ყოველ 100 წელიწადში ერთხელ დაერეკა. 1900 წლის შემდეგ კი „რიგგარეშედ” მხოლოდ ერთხელ დარეკა, მისი ხმა მუდამ ასოცირდებოდა სასჯელთან და შიშთან, მაგრამ 1944-ში მისი რეკვა განთავისუფლების სიგნალად იქცა და ეს მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ისტორიულ სიმბოლოს სრულიად ახალი მნიშვნელობა მიეცეს ახალი ეპოქის შესაბამისად.
ბოლოს 2000 წელს აჟღერდა და იმედს ვიტოვებთ, 2100 წელსაც ახარებს ფლორენციელებს ახალი საუკუნის დაწყებას“, – წერს მაყვალა რაზმაძე.



ხედი პიაცალე მიქელანჯელოდან