ვენეციის 61-ე ბიენალეზე საქართველოს ეროვნული პავილიონი პროექტით – „თანამედროვე არგონავტები – საქართველოს გზაჯვარედინი“ გაიხსნა
ხელოვნების საერთაშორისო გამოფენაზე – ვენეციის 61-ე ბიენალეზე, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული პავილიონი გაიხსნა პროექტით – „თანამედროვე არგონავტები – საქართველოს გზაჯვარედინი“. ამის შესახებ ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს ეროვნული პავილიონი კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ გახსნა.
„პროექტის ფარგლებში წარმოდგენილია თანამედროვე ტექნიკით შესრულებული ვიზუალური ნამუშევრები და ტრადიციული ფორმატის ნიმუშები. ექსპოზიცია მრავალფეროვანია და მოიცავს ფერწერას, ფოტოგრაფიას, ინსტალაციასა და მულტიმედია არტს.
საქართველოს ეროვნულ პავილიონს ქართველი და უცხოელი 17 ხელოვანი წარმოადგენს. პავილიონის კურატორი და კომისარია შალვა ხახანაშვილი, ხოლო კურატორი – ნინო მეტრეველი.
„თანამედროვე ხელოვნებაში კონცეფციას, ნაფიქრს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ვენეციის 61-ე ბიენალესთვის შევარჩიეთ შალვა ხახანაშვილისა და ნინო მეტრეველის კონცეფცია. გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოსა და ახალი არგონავტების იდეა, ის თემები, რომლებიც აქ ხელოვანების მიერ არის წარმოდგენილი, სრულად ეხმიანება ბიენალეს თემატიკას. ჩვენ დიდხანს ვემზადებოდით ამ მნიშვნელოვანი ღონისძიებისთვის.
ვენეციის ბიენალე არის საუკეთესო შესაძლებლობა, მსოფლიოს ვაჩვენოთ ჩვენი თანამედროვე ხელოვნება, რომელიც მრავალსაუკუნოვანი კულტურული ტრადიციების ახლებურად გადააზრებაა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც საქართველოს ეროვნული პავილიონის ღირსეულად წარდგენაში შეიტანა წვლილი“, – განაცხადა თინათინ რუხაძემ.
ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე თამარ ბაგრატიონი, საქართველოს ელჩი იტალიის რესპუბლიკაში თამარ ლილუაშვილი და მოწვეული სტუმრები.
ვენეციის ბიენალე 1895 წლიდან იმართება. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა, რომელიც, ხელოვნების პოპულარიზაციისა და კულტურული გაცვლის ხელშეწყობის მიზნით, 80-ზე მეტი ქვეყნის წამყვან ხელოვანს, კურატორსა და კრიტიკოსს აერთიანებს.
ვენეციის 61-ე ბიენალე მიმდინარე წლის 9 მაისიდან 22 ნოემბრამდე გაგრძელდება. გამოფენის მთავარი თემაა „მინორულ ტონებში“ (In Minor Keys)“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
