იტალიაში, პარმის სამეფო თეატრში, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა “აბესალომ და ეთერის” პრემიერა გაიმართა – პროექტის მხარდამჭერი კულტურის სამინისტროა

კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, იტალიაში, ქალაქ პარმის სამეფო თეატრში, ზაქარია ფალიაშვილის ოპერა “აბესალომ და ეთერის” პრემიერა გაიმართა.

საპრემიერო ჩვენებას საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მეუღლესთან, თამარ ბაგრატიონთან, იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, თამარ ლილუაშვილთან და თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორის მოადგილე გიორგი ანდღულაძესთან ერთად დაესწრო. სპექტაკლს ასევე ესწრებოდა პარმის სამეფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლუჩანო მესი.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია გოჩა კაპანაძე, დამდგმელი დირიჟორი – ზაზა აზმაიფარაშვილი, სცენოგრაფია ეკუთვნის ლომგულ მურუსიძეს, ხოლო კოსტიუმების მხატვარი ესტერ მარტინია.

საოპერო სპექტაკლში მონაწილეობდნენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი, სოლისტები, ახალგაზრდა ქართველი მომღერლები, იტალიელი მუსიკოსებით დაკომპლექტებული ორკესტრი და ფლორენციაში არსებული ქართული ცეკვის ანსამბლი “მამული”.

პარმის სამეფო თეატრში “აბესალომ და ეთერის” პრემიერა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის შემოქმედებითი თანამშრომლობის გაძლიერებას, პროფესიული გამოცდილების გაზიარებასა და საერთაშორისო ასპარეზზე ქართული საოპერო მუსიკის პოპულარიზაციას.

დადგმა პროექტის – “ქართული საოპერო შედევრების საერთაშორისო პრემიერები” ფარგლებში განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები