თეოლოგი: მინდა მოგილოცოთ ახალი პატრიარქის არჩევა – ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა
“ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, არამარტო ახალი პატრიარქი, როგორც ასეთი, არამედ ის შინაარსი, რაც ახალი პატრიარქის გამორჩევას უდგას უკან”, – ამის შესახებ თეოლოგმა გიორგი გვასალიამ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თვითონ ის ფაქტი, რომ გამორჩეულია პატრიარქი და ასეთი სიხარულია ხალხში, ეკლესიაში, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
„მინდა მოგილოცოთ თქვენ, თქვენს აუდიტორიას, სრულიად საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევა, რომელიც არ არის მხოლოდ რაღაც იურიდიული აქტი. ამის მიღმა ძალიან ღრმა, სულიერი მოვლენა იმზირება, რაც გულისხმობს იმას, რომ საქართველოს ეკლესია აგრძელებს ერთობით და თანხმობით არსებობას, ერთობით და თანხმობით ღმერთის დიდებას. ეს არის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, არამარტო ახალი პატრიარქი, როგორც ასეთი, არამედ ის შინაარსი, რაც ახალი პატრიარქის გამორჩევას უდგას უკან. ჩვენ ვართ კულტურული ერთობა, ჩვენ ვართ ერი, სადაც ანდრია პირველწოდებული მოავლინა ღმერთმა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავისი ხელთუქმნელი ხატი გამოატანა მფარველად და იწყება იქიდან ქრისტეს მსახურება. დღეს მისი უწმინდესობა უკვე, შიო მესამე ღირსეულად და მთელი პასუხისმგებლობით ტვირთულობს ამ მსახურების, სამღვდელმთავრო, სამამამთავრო მსახურების გაგრძელებას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიჩერებია, ჩვენ ვაგრძელებთ სვლას იქითკენ, ვინც გვახარა ანდრია პირველწოდებულმა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თვითონ ის ფაქტი, რომ გამორჩეულია პატრიარქი და ასეთი სიხარულია მთელ ხალხში, მთელ ეკლესიაში, ასეთი ერთობა იგრძნობა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მას ულოცავს ყველა. წმინდა სინოდის ის წევრებიც, რომლებმაც ხმა სხვას მისცეს. ულოცავენ არამარტო პატრიარქად გამორჩევას, არამედ საქართველოს ეკლესიის ერთიანობისა და ერთიანი მსახურების, ღვთისმსახურების კვლავ გაგრძელებას“, – აღნიშნა გიორგი გვასალიამ.