სულიკო ჟღენტის დაბადებიდან 100 წელი გავიდა

ცნობილი ქართველი კინოდრამატურგის, მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, სულიკო ჟღენტის დაბადებიდან 100 წელი გავიდა. საქართველოს კულტურის სამინისტრო პატივს მიაგებს სულიკო ჟღენტის ხსოვნას და მის ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე.
„სულიკო ჟღენტი იყო ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ბათუმისა და თბილისის საპატიო მოქალაქე, ღირსების ორდენის კავალერი.
მისი მოთხრობები იბეჭდებოდა ბათუმის ჟურნალ-გაზეთებში. 1962 წელს გამოიცა: „ზღვისპირეთის საღამოები“ და „კიდევაც დაიზრდებიან“.
1956 წლიდან მუშაობდა საქართველოს სამეცნიერო-პოპულარული და დოკუმენტური ფილმების სტუდიაში რედაქტორად და სცენარისტად. 1971 წლიდან იყო „ქართული ფილმის“ სცენარისტი და რედაქტორი.
სულიკო ჟღენტი 20-ზე მეტი კინოსცენარის ავტორია. მათ შორისაა: „ჭიაკოკონა“, „ბურთი და მოედანი”, „ჯარისკაცის მამა”, „ღიმილის ბიჭები“, „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ , „ციმბირელი პაპა“ , „რაჭა- ჩემი სიყვარული“, „ფესვები”, „ნერგები“, ,,წუთისოფელი” „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ და სხვა. დატოვა განუხორციელებელი სცენარები მომავალი ფილმებისათვის: „შავი ელვა“, „სიყვარულის კუნძული”, „იბერიული ბალადა”, „სტალინი“, „იყავნ ნება შენი“, „წინ დასასრულია“.
სულიკო ჟღენტის სახელი მინიჭებული აქვს ქუჩებს თბილისსა და ბათუმში. ბათუმის ბულვარში კი დგას ხელოვანის ძეგლი-ბიუსტი. სულიკო ჟღენტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ 2020 წელს, მისმა ქალიშვილმა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა და კინოდოკუმენტალისტმა ოლიკო ჟღენტმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი „ავტორი და მისი გმირი“.
დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები