ლევილის ქართველთა მამულის ტერიტორიაზე ქართული ოდა სახლის მონტაჟისა და ვენახის გაშენების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია
ლევილის ქართველთა მამულის ტერიტორიაზე ქართული ოდა სახლის მონტაჟისა და ვენახის გაშენების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, ოდა სახლის მონტაჟი სახურავის მოწყობისა და შიდა ტექნიკური სამუშაოების ეტაპზეა. ოდის პროექტს, რომლის ავტორიც ქართველი არქიტექტორ-რესტავრატორი ტარიელ კიპაროიძეა, ქართული კომპანია „ინსი“ ახორციელებს.
ქართული ვენახის გასაშენებლად გამოყოფილ ტერიტორიაზე მიწის დამუშავება დასრულდა და ვენახის დარგვის პროცესი იწყება.
ლევილის მამულის ტერიტორიაზე ვენახის პროექტს შპს „შატო ზეგაანი“ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევით ცენტრსა და შპს „შატო ზეგაანს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ახორციელებს.
2016 წელს ლევილის მამულის საქართველოსთვის გადმოცემის შესახებ გაფორმებული სანოტარო აქტის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფომ, ლევილის მამულში ქართული ოდა სახლის განთავსებისა და ქართული ვაზის დარგვის გადაწყვეტილება მიიღო.
ლევილის ქართველთა მამულის ტერიტორიაზე ქართული ვენახის გაშენება და ოდა სახლში ქართული რესტორნისა და ღვინის სადეგუსტაციო სივრცის განთავსება მიზნად ისახავს ქართული კულტურის პოპულარიზაციასა და მის შესახებ ცნობიერების კიდევ უფრო ამაღლებას საერთაშორისო ასპარეზზე.