მაჭარაშვილი – ხაზარაძე-ჯაფარიძეზე: არ იკადრეს, კომისიაზე არ მოვიდნენ, მაგრამ საჯაროდ მაინც გაეცათ პასუხი იმ ბრალდებებზე, რომლებიც არის მათ წინააღმდეგ

“არ იკადრეს, კომისიაზე არ მოვიდნენ, მაგრამ საჯაროდ მაინც გაეცათ პასუხი იმ ბრალდებებზე, რომლებიც არის მათ წინააღმდეგ”, – ამის შესახებ, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა “ლელოს ლიდერების”, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შესახებ საუბრისას განაცხადა.

“არ აქვთ არანაირი პასუხი იმ კითხვებზე, რაც არა მხოლოდ კომისიის წევრებმა დავსვით, არამედ იმ ადამიანებმა, ვისაც ბიზნესი წაართვეს, ვინც პირდაპირ დაასახელა გვარები – ხაზარაძე, ჯაფარიძე, რომლებიც მონაწილეობდნენ ბიზნესის რეკეტში.

სამწუხაროდ, ფაქტები არსებობს, დადასტურებული დოკუმენტები და ცოცხალი ადამიანები. არ იკადრეს, კომისიაზე არ მოვიდნენ, მაგრამ საჯაროდ მაინც გაეცათ პასუხი იმ ბრალდებებზე, რაც არის მათ წინააღმდეგ. არ აქვთ არანაირი პასუხი. როგორც ჩანს, ამჯობინეს, რომ მორიგ ჯერზე როგორმე კომისიასთან მისვლისგან თავი აერიდებინათ.

ორმაგი შეცდომა დაუშვეს, ერთი, დაადასტურეს, რომ ნამდვილად მონაწილეობდნენ ამ ბიზნესის რეკეტში და მეორე, არ სცემენ პატივს ქართულ კანონმდებლობას და ამ დროს ამბიცია აქვთ მაღალ მატერიებზე და “ევროპულ” პოლიტიკოსობაზე”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო კომისიის სხდომაზე არ გამოცხადების საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, მამუკა ხაზარაძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.

ამასთან, პროკურატურაშია გადაგზავნილი ბადრი ჯაფარიძის საქმეც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები