“ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია პროკურატურას, ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც მიმართავს
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია პროკურატურას, „ლელოს” ლიდერ მამუკა ხაზარაძის შემდეგ, ბადრი ჯაფარიძესთან დაკავშირებითაც მიმართავს.
კომისიის თავმჯდომარე – თეა წულუკიანის თქმით, ამის მიზეზი ის არის, რომ ჯაფარიძე კომისიის სხდომაზე, „მისი მრავალჯერ გაფრთხილების მიუხედავად“, არ გამოცხადდა.
“გთავაზობთ, რომ კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი ბადრი ჯაფარიძის ამ კონკრეტული ქმედების, თუ უმოქმედობის შესახებ. საქმე გადავაგზავნოთ დღის ბოლომდე საქართველოს პროკურატურაში”, – განაცხადა წულუკიანმა.
ამის შემდგომ კენჭისყრაზე აღნიშნულთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ერთხმად მიიღეს.
ცნობისთვის, გუშინ, 25 მარტის კომისიის სხდომაზე, ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმე – შპს “მაგნატი“ განიხილეს. ბიზნესმენი ჯემალ ლეონიძე ავტოგასამართი სადგურების ქსელის, “მაგნატის“ მესაკუთრე იყო.
არსებული ინფორმაციით, „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების დროს ლეონიძეს ქონება ჩამოართვეს და დააპატიმრეს.
ლეონიძე, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებთან ერთად, ქონების წართმევაში მამუკა ხაზარაძეს ადანაშაულებდა.