შალვა პაპუაშვილი: ზოგადად, კონგრესში დაინიცირებული პროექტების მხოლოდ ორი პროცენტი იქცევა ხოლმე კანონად – „მეგობარი აქტის“ პროექტს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი
„მეგობარი აქტი“ განიხილეს სხვა პროექტებთან ერთად, ერთად უყარეს კენჭი, რაც დიდ ეჭვს აჩენს, რომ შეიძლება, არ ჰქონოდა მხარდაჭერა და სხვა პროექტთან ერთად პაკეტში კენჭისყრით გააძვრინეს კომიტეტში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა“ განაცხადა.
„ზოგადად, უნდა ვიცოდეთ, რომ საბოლოო ჯამში, კონგრესში დაინიცირებული პროექტების მხოლოდ ორი პროცენტი იქცევა კანონად. საქართველოს სტატისტიკა თუ გაინტერესებთ, დაინიცირებული კანონპროექტების 70 პროცენტი ხდება კანონი. რას გვეუბნება ეს ორი პროცენტი? 98 პროცენტი რა არის, ასეთი მოუმზადებელი საკითხი იყო? ზუსტად იმას გვაჩვენებს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა იქცა პოლიტიკურ ინსტრუმენტად, რათა შექმნას დღის წესრიგი, დაარქვან „მეგობარი აქტი“, კოშმარის აქტი, შექმნან დღის წესრიგი, ყოველ მეორე დღეს ხან ვაშინგტონში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი და ხან საქართველოში მცხოვრები უცხოელი ჟურნალისტი შემდეგ აშუქებდეს, რომ დღეს ერთი ოთახიდან მეორეში გადაიტანეს, დღეს კომენტარი გააკეთეს, რათა შექმნან დღის წესრიგი. ორი პროცენტი იქცევა მხოლოდ კანონად. ასე რომ, აქაც ამ პროექტს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი.
როგორც თავად კონგრესის სტატისტიკა გვეუბნება, ორი პროცენტია მხოლოდ პროექტებზე, რომლებიც კანონად იქცევა. სინამდვილეში, ეს არის ინსტრუმენტი დღის წესრიგის შექმნისა, მათ შორის, ამ შემთხვევაში, ალბათ დამთხვევა აღმოჩნდა, 31 მარტის დაანონსებული აქციის წინ რაღაცნაირად საწვავი მისცენ განადგურებულ ოპოზიციას. რაც შეეხება შინაარსს, ეს ცალკე ცინიზმია, რომ „მეგობარი აქტი“ უწოდო აქტს, რომელიც არის ქართველ ხალხზე თავდასხმის აქტი, თავისი არსით არის მტრული შინაარსის შემცველი. ზუსტად ეს არის ორუელისეული ამოტრიალება ცნებებისა, მაშინ როდესაც ომი მშვიდობაა და მტრობა მეგობრობა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.